გიორგი გახარიამ მუკუზანის ნადარბაზევის ვენახები დაათვალიერა და ქარხანა „მეღვინეობა მუკუზანის“ სამუშაო პროცესს გაეცნო
ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმით სოფელზე ზრუნვისთვის გათვალისწინებული შეღავათები კახეთის რეგიონში ადგილობრივ მეწარმეებს დღეს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პირადად გააცნო. პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, გიორგი გახარიამ მუკუზანის ნადარბაზევის ვენახები დაათვალიერა და ქარხანა „მეღვინეობა მუკუზანის“ სამუშაო პროცესს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილთან, კახეთის გუბერნატორ ირაკლი ქადაგიშვილთან და პარლამენტის წევრ დავით სონღულაშვილთან ერთად გაეცნო.
პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველოში ვენახს, ყურძენს და ღვინოს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. მისივე თქმით, ვაზი ქართული კულტურის განუყოფელი ნაწილი და უძველესი ტრადიციების უნიკალური სიმბოლოა, ღვინის წარმოებას კი მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საქართველოს ეკონომიკაში და სწორედ ამიტომ, მთავრობა მაქსიმალურად დაეხმარება აღნიშნულ დარგს.
მთავრობის მიერ სოფელზე ზრუნვისთვის შემუშავებული ანტიკრიზისული გეგმით 300 მლნ ლარი მობილიზდა, რაც დაეხმარება ფერმერებს შეღავათიან ფასად შეიძინონ დიზელი, ფინანსური დახმარებით შეიძინონ სასუქები, მცენარეთა დაცვის და მოვლის საშუალებები, სათესლე და სარგავი მასალები, შეღავათები შეეხება ხვნის სამუშაოების საფასურს. პრემიერ-მინისტრის თქმით, ფერმერებს სრულად ჩამოეწერებათ რვა მლნ ლარის ოდენობის დავალიანება 2012-2019 წელს, ასევე 2020 წლის სამელიორაციო მომსახურების საფასურს მთლიანად სახელმწიფო გადაიხდის.
გიორგი გახარიამ იმედი გამოთქვა, რომ ეს განსაკუთრებული მიდგომა შედეგს გამოიღებს. გიორგი გახარიამ ადგილობრივ მწარმოებლებს უხვი მოსავალი უსურვა და აღნიშნა, რომ ეს მოიტანს როგორც გლეხების კეთილდღეობას, ისე მთელი ქვეყნის ეკონომიკას გააძლიერებს.