გიორგი გახარია - მიხეილ ჩხენკელი შეძლებს, სწრაფად, დროის დაუკარგავად განაგრძოს განათლების სამინისტროში წარმატებით მიმდინარე რეფორმები
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, მიხეილ ჩხენკელი, რომელიც განათლების მინისტრის თანამდებობაზე დაბრუნდა, განათლების სისტემური რეფორმის მიმართულებით ჩართული იყო, როგორც აღნიშნული რეფორმის მომზადების, ისე განხორციელების ყველა ეტაპზე.
„შესაბამისად, მან ზედმიწევნით ზუსტად იცის, ბოლო წლების განმავლობაში, რა ხდებოდა განათლების სამინისტროში, როგორ მზადდებოდა ეს რეფორმა, როგორ ხდებოდა მისი აღსრულება, რაც არის ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანი. სწორედ ამიტომ, სხვა ღირსებებთან ერთად, ბატონი მიხეილი შეძლებს, სწრაფად, დროის დაუკარგავად განაგრძოს ის რეფორმები, რომელიც მიმდინარეობს დღეს უაღრესად წარმატებულად განათლების სამინისტროში“, – განაცხადა მთავრობის სხდომის დაწყებამდე გიორგი გახარიამ.
ამასთან, პრემიერმა მიხეილ ჩხენკელს დაავალა, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს პროფესიულ განათლებას.
„მინდა, დავავალო ბატონ მიხეილს, რომ განსაკუთრებული ყურადღება დავუთმოთ პროფესიულ განათლებას. პროფესიული განათლება დღეს არის ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა, რათა შევძლოთ უახლოესი წლების განმავლობაში, აღმოფხვრათ ის დისბალანსი, რომელიც გვაქვს შრომის ბაზარზე და, ბატონო მიხეილ, მინდა, გთხოვოთ, ამას განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოთ“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.