გიორგი გახარიამ მესაზღვრეებს პროფესიული დღე მიულოცა
გიორგი გახარიამ მესაზღვრეებს პროფესიული დღე მიულოცა

მესაზღვრის პროფესიულ დღესთან დაკავშირებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ოფიციალური მიღება გაიმართა. ღონისძიება შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ გახსნა.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს, სასაზღვრო პოლიციის განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის. აშშ-ის თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს მიერ სასაზღვრო პოლიციას სატრანსპორტო საშუალებები – კვადროციკლები და თოვლმავლები გადაეცა.

„მესაზღვრეების ყოველდღიური მსახურება არის უკიდურესად მნიშვნელოვანი, რათა ჩვენი ქვეყანა წყნარ, მშვიდ და სტაბილურ გარემოში ვითარდებოდეს, შრომობდეს, აძლიერებდეს ეკონომიკას და ზრუნავდეს თავის მომავალზე. საზღვრის დაცვის დეპარტამენტი შინაგან საქმეთა სამინისტროს უმნიშვნელოვანესი დანაყოფია. სანაპირო დაცვა, სახმელეთო საზღვარი და სასაზღვრო ავიაცია – სამივე მიმართულებით 2019 წელს გვექნება ხელჩასაჭიდი პროგრესი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, თემურ კეკელიძემ მესაზღვრეებს პროფესიული დღე მიულოცა და ქვეყნის სამსახურისათვის მადლობა გადაუხადა. მან უწყების ძირითად პრიორიტეტებსა და მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემური განახლების ფარგლებში, სასაზღვრო პოლიციაში ხორციელდება მნიშვნელოვანი რეფორმა. ჩვენი მიზანია სასაზღვრო უწყების ინსტიტუციური განვითარება და საზღვრის დაცვის შესაძლებლობების გაძლიერება. რეფორმის ფარგლებში, თანამედროვე ტექნოლოგიების მეთოდური დანერგვა, აღჭურვილობის განახლება, ინფრასტრუქტურისა და ლოჯისტიკის გაუმჯობესება, ადამიანური რესურსებისა და პროფესიული განვითარების სისტემის დახვეწა ჩვენი მთავარი პრიორიტეტებია“, – განაცხადა თემურ კეკელიძემ.

შინაგან საქმეთა მინისტრმა და სასაზღვრო პოლიციის უფროსმა უწყების თანამშრომლები სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისა და მიღწეული წარმატებებისთვის დააჯილდოვეს. ღონისძიებას შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.