გიორგი გახარიამ „კოვიდ-19“-ის მართვაში ჩართული კლინიკების ხელმძღვანელებთან შეზღუდვების ეფექტიანობაზე, ჰოსპიტალურ სექტორში არსებულ მდგომარეობასა და სამედიცინო აღჭურვილობის მობილიზების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზე იმსჯელა
საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია „კოვიდ-19“-ის მართვის პროცესში ჩართული კლინიკების ხელმძღვანელებთან ინტენსიურ შეხვედრებს განაგრძობს.
ეპიდვითარების სტაბილიზაციის თვალსაზრისით, მთავრობის ორთვიანი შეზღუდვების გეგმის ეფექტიანობა, ქვეყნის მასშტაბით, ჰოსპიტალურ სექტორში არსებული მდგომარეობა და სამედიცინო აღჭურვილობის მობილიზების კუთხით გადადგმული ნაბიჯები იყო ის მთავარი საკითხები, რაზეც დღეს მთავრობის მეთაურმა კლინიკების ხელმძღვანელებთან ერთად იმსჯელა.
კოვიდის მართვაში ჩართული სტაციონარების ხელმძღვანელებმა განსაკუთრებით გაუსვეს ხაზი მოქმედი შეზღუდვების როლს ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შედარებითი სტაბილიზაციის პროცესში და აღნიშნეს, რომ საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა, რათა თავიდან ავიცილოთ მობილობის მკვეთრი ზრდა და საფრთხის ქვეშ არ დადგეს მიღწეული შედეგები.
მათივე შეფასებით, შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობისა და წარმატებული მართვის შედეგად, მოსახლეობაში პანიკის ნიშნები იკლებს და ნათლად ჩანს ვირუსთან ადაპტაციის ელემენტები, თუმცა მნიშვნელოვანია, როგორც სახელმწიფოს, ისე კერძო სექტორისა და მოქალაქეების მხრიდან დაცული იყოს ყველა ის წესი, რომელიც დადგენილია ვირუსის გავრცელების პრევენციისათვის.
შეხვედრისას, აგრეთვე განიხილეს კლინიკურ სასტუმროებში არსებული მდგომარეობა, სადაც გაძლიერებულია თერაპიული ელემენტები და უზრუნველყოფილია ჟანგბადის მიწოდება. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე ჰოსპიტალურ მართვაზეა 6 300 პაციენტზე მეტი, საიდანაც 2 900-მდე პაციენტი კლინიკურ სასტუმროებში მკურნალობს. პრემიერ-მინისტრის შეფასებით, საჭიროა, კლინიკური სასტუმროების ეფექტური მართვის შედეგად მაქსიმალურად განიტვირთოს ჰოსპიტალური სექტორი, რათა კლინიკების მიღმა არ დარჩნენ ის ადამიანები, ვისაც სპეციალური სამედიცინო სერვისებით მკურნალობა პირველ რიგში სჭირდება.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ამ დროისათვის, ქვეყნის მასშტაბით, იმართება ინფიცირების 28 ათასამდე აქტიური შემთხვევა. კლინიკების ხელმძღვანელების თქმით მნიშვნელოვანია, რომ არსებული სტატისტიკა მეტად აღარ გაიზარდოს, ვინაიდან, ჰოსპიტალურ სექტორზე დაწოლა დიდია. მათივე თქმით, ამ ეტაპზე, კვლავ განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მძიმე და კრიტიკულად მძიმე პაციენტების მართვას.
მთავრობის მეთაურმა დეტალური ინფორმაცია მოისმინა ჰოსპიტალურ სექტორში თავისუფალი საწოლების კუთხით არსებულ ვითარებასა და იმ ღონისძიებებზე, რომლებიც დამატებითი რეანიმაციული საწოლფონდისა და შესაბამისი სამედიცინო აღჭურვილობის მობილიზების კუთხით ხორციელდება. აგრეთვე, საუბარი შეეხო კოვიდვაქცინაციის პროცესის შეუფერხებელი უზრუნველყოფის მიზნით მიმდინარე სამუშაოებს.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია და უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის ხელმძღვანელი ალექსანდრე ხოჯევანიშვილი ესწრებოდნენ.