საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ვირუსთან ბრძოლის რამდენიმე ეტაპი შეიძლება გამოიყოს, რომლებიც, ფაქტობრივად, უკვე დაფიქსირდა ბოლო სამი თვის განმავლობაში. ამის შესახებ გიორგი გახარიამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ეს გახლავთ ვირუსის გავრცელების შეკავება, რომელიც იწყება 28 იანვრიდან და 29 თებერვლამდე გრძელდება. ეს იყო ეტაპი, როდესაც პირველად მსოფლიოში, ჩინეთში გაჩნდა საერთოდ ვირუსზე ინფორმაცია. ეს იყო ეტაპი, ერთი თვით ადრე, ვიდრე საქართველოში გაჩნდებოდა პირველი ინფიცირებული. ამ ეტაპზე მთავრობამ უკვე მიიღო გარკვეული გადაწყვეტილებები და საკმაოდ ადრე დავიწყეთ ჩვენ ეს კონტროლი. პირველ რიგში, ეს იყო მაღალი რისკის ქვეყნებიდან სტუმრების კონტროლი, თუ მოქალაქეების თერმოსკრინინგი და შემდგომ საკარანტინო ზონებში მათი გადაყვანა. მაშინვე უკვე დავინახეთ, რომ ეს ბრძოლა იქნებოდა ხანგრძლივი“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.
მისი თქმით, ამ ხანგრძლივი ბრძოლისთვის მზადების ფორმატში ხელისუფლება მიხვდა, რომ აუცილებელი იქნებოდა ორ ფრონტზე ბრძოლა – პირველ რიგში მოქალაქის ჯანმრთელობა, მისი სიცოცხლე, ხოლო მეორე მხრივ ეკონომიკა.
„ამიტომ მიაღწია მთავრობამ იმ შედეგს, როდესაც ჯერ კიდევ პირველი ინფიცირებული არ იყო ქვეყანაში, როდესაც ჩვენ უკვე შევქმენით საკოორდინაციო საბჭო, რომელიც სრულად მართავდა და იღებდა გადაწყვეტილებებს ვირუსის შეჩერების ნაწილში და 28 იანვარს ასე შეიქმნა პირველი უწყებათაშორისი საბჭო. ამ უწყებათაშორისი საბჭოს ძირითადი ამოცანა გახლდათ იმპორტირებული ვირუსის კონტროლი. ამიტომ იყო ძირითადი აქცენტი გაკეთებული საზღვრებზე, როგორც სახმელეთო საზღვრებზე, ასევე საავიაციო ხაზებზე. სხვათა შორის, საქართველო იყო პირველი ქვეყანა, სადაც განხორციელდა თერმოსკრინინგი აეროპორტებში და ეს გვაძლევდა საშუალებას, რომ ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც უფიქსირდებოდა ცხელება, გადაგვეყვანა საკარანტინო ზონაში. მიუხედავად იმისა, ჰქონდა მას დადასტურებულად კოვიდი თუ არა, გაგვეწია შესაბამისი სერვისები“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.
მისი თქმით, ამავე პერიოდში ქვეყანაში გამოიყო ოთხი ძირითადი მიმართულება და ამ მიმართულებაზე გამოიყო მკაფიოდ პასუხისმგებელი კონკრეტული პირები.
„ეს გახლავთ ჯანდაცვა, რომელსაც უნდა ეზრუნა ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის მომზადებისთვის კოვიდთან გასამკლავებლად და ამ ჯგუფს ხელმძღვანელობდა ქალბატონი ეკატერინე ტიკარაძე. ეკონომიკა, რადგან უკვე მივხვდით, რომ გლობალური ეკონომიკური კრიზისი, რა თქმა უნდა, საქართველოზეც იმოქმედებდა, ექნებოდა ზეგავლენა და ამას ექნებოდა სოციალური შედეგები თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის და ამ ჯგუფს ხელმძღვანელობდა ქალბატონი მაია ცქიტიშვილი. უსაფრთხოების კომპონენტი, რადგან თავიდანვე ჩანდა, რომ გამკაცრებული კონტროლი საზღვრებზე შეიძლება, გადასულიყო უკვე სამოქალაქო ცხოვრებაზე და ამ მიმართულებას ხელმძღვანელობდა უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელი, ბატონი ვახტანგ გომელაური. და მარაგები და ლოგისტიკა, რადგან უკვე პირველივე დღიდან აშკარა ხდებოდა, რომ ქვეყნები იწყებდნენ თავიანთი საექსპერტო პოტენციალის შეზღუდვას. უბრალოდ ბაზრები იკეტებოდა. აშკარა გახდა, რომ გარკვეული პროდუქტების მომარაგებაში შეიძლება, გამხდარიყო პრობლემა და ამ მიმართულებას ხელმძღვანელობდა ბატონი ლევან დავითაშვილი. ამავე დროს უნდა გვესმოდეს, რომ პრევენციული ღონისძიების გატარების ნაწილში, ჩვენ გარკვეული წინასწარ გადადგმული ნაბიჯების შემდგომ ჩვენ დავინახეთ, რომ ეს არ იქნებოდა საკმარისი და მოგვიწია, უფრო მკაცრი ნაბიჯების გადადგმა, როგორიც იყო კონკრეტული მაღალი რისკის ქვეყნებიდან მოგზაურობების დახურვა. პირველ რიგში, ჩვენ შევაჩერეთ ფრენები ჩინეთიდან და სხვათა შორის, ეს იყო 29 იანვარს. 24 თებერვალს შევაჩერეთ ფრენები ირანიდან. 6 მარტიდან იტალიიდან და შემდგომ უკვე მოგვიწია საზღვრის გადაკეტვა ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან. 21 თებერვალი იყო ის დღე, როდესაც ჩვენ ორგანიზებულად პირველად დავიწყეთ ჩვენი მოქალაქეების გამოყვანა საჰაერო გზით და პირველი ქვეყანა იყო ჩინეთი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
მისივე თქმით, როდესაც პანდემიასთან ბრძოლაზე ვსაუბრობთ და ვამბობთ, რომ გარკვეული ნაბიჯები პროაქტიურად გადავდგით, ამას ჰქონდა თავისი ახსნაც.
„როდესაც პანდემიის გავრცელების გეოგრაფიას ვუყურებდით, უბრალოდ ვხედავდით, რომ ყველა იმ ქვეყანასთან, სადაც პანდემიური აფეთქება იყო, ჩვენ გვქონდა საკმაოდ მჭიდრო ეკონომიკური და ასე ვთქვათ, ლოგისტიკური ტრაფიკი. პირველ რიგში, ეს იყო ჩინეთი, რომელიც ჩვენს ეკონომიკაში სულ უფრო და უფრო იზრდება. შემდგომ ეს გახლავთ ირანი, სადაც მიმოსვლა იყო საკმაოდ, როგორც სავაჭრო, ეკონომიკური თვალსაზრისით, ასევე აზერბაიჯანის გავლით საკმაოდ მაღალი ტრაფიკი გვქონდა. და შემდგომ ეს იყო იტალია, სადაც საქართველოს ბევრი მოქალაქე, როგორც მოგზაურობდა, ასევე შრომობდა და აქაც სერიოზული ზეწოლა იქნებოდა. შემდგომ ეს იყო საფრანგეთი, ესპანეთი. მოკლეთ, ჩვენთვის ტრაფიკის თვალსაზრისით ყველა ის აქტიური ქვეყანა იყო მაღალი რისკის ქვეშ და სწორედ ამიტომ მივიღეთ ჩვენ გადაწყვეტილებები ადრევე, რომ ამ ქვეყნებთან მიმოსვლის რეჟიმი გაგვემკაცრებინა. ეს იყო პირველი ეტაპი, რომელსაც ჩვენ ვეძახით შეჩერებას და ამ ეტაპის ძირითადი ამოცანა გახლდათ, რა თქმა უნდა, იმპორტირებული ვირუსთან გამკლავება და აქ ჩვენი შედეგების ძირითადი მამოძრავებელი ძალა იყო, რა თქმა უნდა, სასაზღვრო კონტროლი და ჯანდაცვის, დაავადებათა კონტროლის ცენტრის სწრაფი და ეფექტური მოქმედება“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.