გიორგი გახარიამ კორონავირუსის შემთხვევის დაფიქსირების გამო საგანგებო უწყებათაშორისი საკოორდინაციო ჯგუფი შექმნა
რამდენიმე წუთის წინ დასრულდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით შექმნილი საგანგებო უწყებათაშორისი საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, საგანგებო ჯგუფი მთავრობის მეთაურმა საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის დაფიქსირებისთანავე შექმნა, რომელსაც თავად ხელმძღვანელობს.
პრემიერმა ყველა უწყების წარმომადგენლებისგან მოისმინა დეტალური ინფორმაცია ვირუსის გავრცელების თავიდან აცილების კუთხით მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.
საგანგებო-საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრის შედეგად, ასევე მიღებულია გადაწყვეტილება, საჰაერო მიმოსვლასთან ერთად, ირანიდან სახმელეთო გზით შემოსვლა შეიზღუდა. აღნიშნულის შესახებ ირანულ მხარეს შესაბამისი არხების მეშვეობით უკვე ეცნობა.
საქართველოში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, ვირუსი დაუდგინდა საქართველოს მოქალაქეს, 50 წლის მამაკაცს, რომელიც გუშინ აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. მამაკაცი ინფექციურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. მინისტრის ინფორმაციით, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.