გიორგი გახარიამ კლინიკური მართვისა და რეანიმატოლოგების ჯგუფთან მორიგი შეხვედრა გამართა
ქვეყნის მასშტაბით კლინიკებში არსებული მდგომარეობა და ინფიცირების შემთხვევების ზრდის ფონზე პროცესის კიდევ უფრო ეფექტიანი მართვის კუთხით გადასადგმელი ნაბიჯები იყო მთავარი თემები საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და კლინიკური მართვისა და რეანიმატოლოგების ჯგუფს შორის გამართულ მორიგ შეხვედრაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციაშია ნათქვამი.
მათივე ცნობით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პროტოკოლებს, რომელთა მუდმივი განახლება მნიშვნელოვანია, პაციენტების მართვის პროცესის კიდევ უფრო დახვეწის მიზნით.
„როგორც კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ შეხვედრაზე აღნიშნა, მართვის პროცესში პრიორიტეტია, არ გაუარესდეს პაციენტების მოვლის ხარისხი და გადარჩენის მაჩვენებელი. მანვე ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ საქართველო დღემდე ინარჩუნებს ქვეყნის სტატუსს, რომელსაც აქვს ერთ მლნ მოსახლეზე ლეტალობის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი.
აგრეთვე, აღინიშნა, რომ დღეის მდგომარეობით, მინიმუმ 4 000 საწოლია მობილიზებული და მთავრობის ამოცანაა, მათ შორის დაახლოებით 800-დან 1000-მდე თავისუფალი ადგილი ჰოსპიტალურ სექტორში იყოს მზადყოფნაში. შეხვედრისას, კიდევ ერთხელ ითქვა, რომ პროცესი მართვადია და ქვეყანა მზად არის, გაუმკლავდეს მეორე ტალღას – წესების დაცვასა და წერტილოვან შეზღუდვებს შორის ბალანსით“, – აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ვირუსთან ადაპტაციისა და მართვის ეტაპზე მკაცრი შეზღუდვების დაწესება არ იგეგმება და მნიშვნელოვანია ვირუსთან ადაპტაცია, მათ შორის, ელემენტარული წესების დაცვა – პირბადის ტარება, სოციალური დისტანციის დაცვა და არასაჭირო შეკრებებისგან თავის შეკავება.
პრემიერ-მინისტრი კლინიკური მართვისა და რეანიმატოლოგების ჯგუფთან შეხვედრებს რეგულარულად, სხვადასხვა ინტენსივობით მართავს.