გიორგი გახარიამ ქუთაისის მერობის კანდიდატი და სიის წევრები წარადგინა
პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარიამ იმერეთში, ქუთაისის მერობის კანდიდატი გიორგი გოგუაძე წარადგინა.
რაც შეეხება ქუთაისის საკრებულოს სიის წევრებს, ესენი არიან: 1. ელეონორა არჩაია; 2. ნინო ჩიკვაშვილი; 3. კახა ჩხეტიანი; 4. ბადრი კაპეტივაძე; 5. ნიკოლოზ კილასონია; 6. ირმა ქურასბედიანი; 7. ზურა კაპანაძე.
გიორგი გახარიას თქმით, ერთიანდებიან საქართველოსთვის და არავის წინააღმდეგ. როგორც გახარიამ სიის წარდგენის დროს განაცხადა, სიტყვებს – „არავის წინააღმდეგ“ პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა.
„ეს იყო პრინციპულად ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვები. დღეს, მას შემდეგ, რაც მოვიარეთ მთელი საქართველო, მინდა, გითხრათ, რომ ჩვენ ვიყავით მართლები – რატომ, იმიტომ, რომ დღეს საქართველოში პარტია „საქართველოსთვის“ არის ერთადერთი პოლიტიკური გაერთიანება მზარდი რეიტინგით.
მეგობრებო, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ამომრჩეველი – საქართველოს მოქალაქე, ბევრად უფრო ბრძენია, ვიდრე ჩვენი პოლიტიკური ელიტა და ჩვენ ეს უნდა შევცვალოთ, ეს ცვლილებები უნდა დავიწყოთ რა თქმა უნდა, მათ შორის ქუთაისიდან. მინდა, გითხრათ, რომ თითოეული ჩვენგანის მთავარი მიზანი არის ძლიერი, სამართლიანი და თანამედროვე სახელმწიფო, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ყველასთვის, რომ კეთილსინდისიერებით და პროფესიონალიზმით ვემსახუროთ ამ სახელმწიფოს, შევქმნათ ის პირობები, როდესაც ძლიერი ინსტიტუტებით და სამართლიანი გარემოთი მივცემთ ჩვენს მოქალაქეებს, ჩვენს ახალგაზრდებს თვითრეალიზების შესაძლებლობას, შემოვიდნენ პოლიტიკაში და ემსახურონ თავიანთ ქვეყანას“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.