გიორგი გახარიამ გურიაში ადგილობრივ ხელისუფლებას რეგიონის ახალი სახელმწიფო რწმუნებული და მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული პოლიტიკისა და კოორდინაციის სამსახურის ხელმძღვანელი წარუდგინა
გიორგი არის ერთ-ერთი საუკეთესო მენეჯერი ვინც მე შემხვედრია საქართველოში – მარტივად და სწრაფად შემსრულებელი იმ ამოცანის, რომელიც შეიძლება ვიღაცას რთული მოეჩვენოს; ეს არ არის მარტო სიტყვები, ეს არის ერთობლივი მუშაობის გამოცდილება, რომელიც ჩვენ გვაკავშირებს, უკვე საკმაო პერიოდია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გურიაში განაცხადა, სადაც სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში ადგილობრივ ხელისუფლებას რეგიონის ახალი სახელმწიფო რწმუნებული გიორგი სახოკია და მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული პოლიტიკისა და კოორდინაციის სამსახურის ხელმძღვანელი კონსტანტინე ანანიაშვილი წარუდგინა.
მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა სახელმწიფო რწმუნებულის მაკოორდინირებელ როლს ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებას შორის და აღნიშნა, რომ 2021 წელს ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.
„დარწმუნებული ვარ, აქ გიორგი სახოკიასთან ერთად მუშაობის არანაირი პრობლემა არ იქნება. დროის დაკარგვის რესურსი არ გვაქვს და არც მოხდება. მინდა, ერთი რამ გაითვალისწინოთ და ეს არის პრინციპული – გუბერნატორების, რწმუნებულების ძირითადი ფუნქცია იქნება სწორი კოორდინირება მთავრობასა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის. განსაკუთრებით 2021 წელს ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანი იქნება. პატიებისა და კომპრომისების რესურსი არც ამ მხარეს იქნება და არც იმ მხარეს. სერიოზული ეკონომიკური კრიზისია, რომლიდანაც ნელ-ნელა უნდა გამოვიდეთ. განსაკუთრებით რეგიონებში ბევრად უფრო მძიმედ იქნება სიტუაცია, ჯერ ვაქცინაციაა ნორმალურად ჩასატარებელი, მერე ეკონომიკაა ამოსაქოქი, არჩევნებია ჩასატარებელი და კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი და ეს ყველაფერი სწორად უნდა იყოს კოორდინირებული“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ რეგიონული პოლიტიკისა და კოორდინაციის სამსახურს მთავრობის ადმინისტრაციაში კონსტანტინე ანანიაშვილი უხელმძღვანელებს, რაც სწრაფი და ეფექტური გადაწყვეტილებების მიღებას შეუწყობს ხელს.
„ჩათვალეთ, რომ ნებისმიერი პრობლემა, რომელიც შეიქმნება, გუბერნატორების საშუალებით ზუსტად 15 წუთში მეცოდინება, ამას მეტი დრო არ დასჭირდება. იქ, სადაც გადაწყვეტა იქნება მარტივი და სწრაფი, მიღებული იქნება სწრაფი გადაწყვეტილება. იქ, სადაც დრო და მსჯელობა იქნება საჭირო, ესეც გეცოდინებათ. სადაც გადაუწყვეტელია, ამასაც გეტყვით და გადავატრიალოთ ეს ფურცელი, ამაზე წვალებას თავი დავანებოთ. მოკლედ, მარტივი ნაბიჯები და სწრაფი შედეგები. ეს არის ის, თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ 2021 წელს. ამიტომ ეს ადამიანი, გიორგი სახოკია იქნება თქვენთან, კოტე ანანიაშილი კი ჩათვალეთ, ჩემი ოთახის გვერდზე ზის,“ – განაცხადა პრემიერმა.
გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ მეტი კოორდინაციის პროცესს ხელს შეუწყობს ის ფაქტიც, რომ რეგიონული სხდომები ყოველკვირეულად გაიმართება.