გიორგი გახარიამ ეკონომიკურ გუნდს ქვეყნის ეკონომიკაზე კორონავირუსის შესაძლო უარყოფითი ზემოქმედების მინიმუმამდე დაყვანის მიზნით გეგმის შემუშავება დაავალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის ეკონომიკურ გუნდს დაავალა, ეროვნულ ბანკთან ერთად შეიმუშაოს სპეციალური გეგმა, ქვეყნის ეკონომიკაზე კორონავირუსის შედეგად შესაძლო უარყოფითი ზემოქმედების მინიმუმამდე დაყვანის მიზნით.
პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა დღეს გაიმართა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მთავრობის ეკონომიკურმა გუნდმა კორონავირუსის გავრცელების შედეგად მსოფლიოში არსებულ ეკონომიკურ ტენდენციებზე და საქართველოს ეკონომიკაზე მისი პოტენციური გავლენის შესახებ ინფორმაცია წარადგინა.
ამასთან, მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ მთავრობის 2 მარტის განკარგულებით ცვლილებები შევიდა საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმაში. ცვლილებები მათ შორის გულისხმობს საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტულად გამავალი კორონავირუსის რისკის მქონე ქვეყნებიდან სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების ესკორტირებას (მის ეკიპაჟთან ერთად) შესაბამის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტამდე; ასევე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მაღალი რისკის ზონებად განსაზღვრული ქვეყნებიდან გადაადგილებული სატვირთო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ჩანაცვლდება სხვა ფიზიკური პირით, რომელიც რისკჯგუფს არ განეკუთვნება, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის ზედამხედველობით განხორციელდება სატრანსპორტო საშუალების სრული დეზინფექცია, ხოლო სატვირთო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი (უცხო ქვეყნის მოქალაქე), რომელიც საბაჟო საზღვარზე შემოსვლისას სატრანსპორტო საშუალებას მართავდა, უკან დაბრუნებას ან კლინიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, კარანტინს/სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებას დაექვემდებარება.