გიორგი გახარიამ ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებთან კორონავირუსთან დაკავშირებით მთავრობის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების პროცესი განიხილა
მართლწესრიგის დაცვის კუთხით საქართველოს მთავრობის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების პროცესი განიხილეს კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სამართალდაცვითი თემატური ჯგუფის შეხვედრაზე, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, აღინიშნა, რომ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. საბჭოს წევრებმა იმსჯელეს იმ დამატებითი შესაძლო ზომების მიღებაზე, რომელიც საჭიროა საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველსაყოფად.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა თვითიზოლაციის რეჟიმის დაცვის მნიშვნელობაზე. შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე, თვითიზოლაციის რეჟიმის დარღვევისთვის იძულების წესით კარანტინში გადაყვანილია 100-მდე მოქალაქე.
პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ მოუწოდა მოქალაქეებს, მკაცრად დაიცვან თვითიზოლაციის წესები და გამოიჩინონ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა, რათა საფრთხე არ შეუქმნან ახლობლებს და მთლიანად, საზოგადოებას.