გიორგი გახარიამ ჟოზეფ ბორელთან შეხვედრაზე შავი ზღვის რეგიონში საქართველოს როლსა და ევროკავშირთან მეტი ფიზიკური ინტეგრაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა
საქართველო-ევროკავშირის დღის წესრიგის ყველა ძირითადი საკითხი, მათ შორის ასოცირების ხელშეკრულებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების განხორციელება, სატრანსპორტო და საკომუნიკაციო კავშირების დამყარების პრაქტიკული ინსტრუმენტები და ამ კონტექსტში შავი ზღვის როლი განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ და საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ჟოზეფ ბორელმა შეხვედრაზე, რომელიც დღეს ევროკომისიაში გაიმართა.
საუბარი გლობალურ პანდემიაზე საუბრით დაიწყო. აღინიშნა კორონავირუსთან ბრძოლის პროცესში საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ეფექტიანი ნაბიჯები. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა ამ პროცესში ევროკავშირის მნიშვნელოვან ფინანსურ მხარდაჭერას და ევროპელ პარტნიორებს მადლობა გადაუხადა.
მთავრობის მეთაურმა და ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა განიხილეს რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევები.
გიორგი გახარიამ ჟოზეფ ბორელს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე, აგრეთვე იმ სირთულეებზე, რომელიც მოსახლეობას ე.წ. გადასასვლელების ჩაკეტვისა და სრულფასოვანი განათლებისა თუ სამედიცინო სერვისების მიღების კუთხით ექმნება. აღინიშნა ევროკავშირის როლი ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში და ხაზი გაესვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე პროცესთან მიმართებაში ევროკავშირის მხრიდან კიდევ უფრო მკაფიო პოზიციებისა და მკვეთრი შეფასებების დაფიქსირების მნიშვნელობას, რაც ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატს ახალ, დამატებით იმპულსს მისცემს. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს სამშვიდობო ინიციატივას – „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“.
შეხვედრაზე კიდევ ერთხელ მაღალი შეფასება მიეცა ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების კონსოლიდაციის კუთხით გადადგმულ ნაბიჯებსა და რეფორმებს, რომლებსაც საქართველო ინსტიტუტების გაძლიერების კუთხით ახორციელებს. პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები ჩატარდება უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად, გამჭვირვალედ, ისე, როგორც ჩატარდა ყველა არჩევნები 2012 წლის შემდეგ, უზრუნველყოფილი იქნება საერთაშორისო დამკვირვებლების მაქსიმალური ჩართულობა და მათი უსაფრთხოების გარანტიები კორონავირუსის გათვალისწინებით.
შეხვედრაზე პოზიტიურად შეფასდა ასოცირების ხელშეკრულებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების განხორციელების კუთხით მიღწეული პროგრესი, ასევე ვიზალიბერალიზაციის პროცესის მიმდინარეობა, თუმცა პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ევროკავშირში საბოლოო ინტეგრაციისთვის აუცილებელია კიდევ უფრო ამბიციური მიზნების მიღწევა. გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა შავი ზღვის რეგიონში საქართველოს როლს და ევროკავშირთან მეტი ფიზიკური ინტეგრაციის მნიშვნელობას ენერგეტიკული, სატრანსპორტო, კავშირგაბმულობის და სხვა მნიშვნელოვანი პროექტების მაქსიმალურად გამოყენებით.
მხარეებმა ისაუბრეს აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი სამიტისთვის მზადებაზე, რომელიც მარტში გაიმართება და სადაც წარდგენილი იქნება კონკრეტული ხედვები, როგორც ხედავენ წევრი ქვეყნები აღმოსავლეთ პარტნიორობას 2020 წლის შემდეგ. პრემიერმა აღნიშნა, რომ ქართული მხარის მიდგომა გულისხმობს დამატებითი მექანიზმების შემუშავებას, მათ შორის დიფერენცირებულ მიდგომას საქართველოსთან მიმართებაში, რომელიც ლიდერია აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ქვეყნებს შორის და იმსახურებს მეტ კონკრეტულ ინსტრუმენტს, მათ შორის ერთიან ბაზარზე წვდომისა და ევროკავშირისა და რეგიონის დამაკავშირებლის როლის გაძლიერების სახით.
ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამასახური ავრცელებს.