გიორგი გახარიამ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის მასპინძლობით გამართულ გლობალურ სამიტში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის მასპინძლობით, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, ვაქცინაციისა და იმუნიზაციის გლობალური ალიანსის (GAVI) სამიტში მიიღო მონაწილეობა.
გიორგი გახარიამ, სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა გლობალური პარტნიორობის მნიშვნელობას საქართველოს, როგორც მცირე ზომის სახელმწიფოს საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და უსაფრთხოებისთვის. პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა კორონავირუსის გლობალური პანდემიის შესახებ და აღნიშნა, რომ პანდემიის დაძლევა და უსაფრთხო მომავლის უზრუნველყოფა მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით არის შესაძლებელი.
„ახალი კორონავირუსის გლობალური პანდემია გამოწვევაა ყველასთვის – მდიდარი და ღარიბი, დიდი და პატარა ქვეყნისთვის – ყველამ ერთად უნდა მივაღწიოთ საერთო მიზანს – ვიბრძოლოთ ჩვენი მომავლისთვის. ამ პანდემიას დავძლევთ, თუმცა სამყარო მეტად უსაფრთხო უნდა გავხადოთ მომავალი თაობებისთვის. ეს კი ნიშნავს მოქალაქეების ჯანმრთელობას, ეფექტურ მმართველობას და მყარ ეკონომიკას. სწორედ ამიტომ, ვაქცინაციისა და იმუნიზაციის გლობალური ალიანსი (GAVI) და ეს კონფერენცია ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსა და მსოფლიოსთვის. ვაქცინაციისა და იმუნიზაციის გლობალური ალიანსი (GAVI) და ჩვენი მრავალმხრივი პარტნიორები საქართველოს გვერდით არიან ბოლო წლებში ჩვენს მიერ განხორციელებული ჯანდაცვის სისტემის გაძლიერების ძალისხმევის ფარგლებში. ვამაყობ, რომ დღეს, ახალი კორონავირუსის კრიზისის პირობებში, საქართველოს ჯანდაცვის სისტემის რეაგირება წარმატებულია ამ გლობალურ გამოწვევასთან ბრძოლაში“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
ღონისძიების მიზანია, დამატებითი ფინანსური რესურსის მობილიზება დონორი ქვეყნებიდან და ორგანიზაციებიდან გლობალური ვაქცინაციის ალიანსისთვის (Gavi), რაც ხელს შეუწყობს მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში 300 მილიონზე მეტი ბავშვის ინფექციური დაავადებებისგან დაცვას, შეამცირებს „კოვიდ-19“-ის მსოფლიო პანდემიის გავრცელებას და შექმნის ჯანმრთელ და უსაფრთხო სამყაროს. ღონისძიებაში მონაწილეობენ მსოფლიო ლიდერები და საერთაშორისო პარტნიორები – გაერთიანებული სამეფო, ევროკავშირი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, იტალია, ესპანეთი, საფრანგეთი, ნორვეგია, გერმანია, ახალი ზელანდია, კანადა, ავსტრია, ბელგია და სხვა.
ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.