გიორგი გახარიამ და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილემ რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ვიცე-პრემიერი, გიორგი გახარია ევროპულ საგარეო ქმედებათა სამსახურის (EEAS) გენერალური მდივნის მოადგილეს, პედრო სერანოს, საქართველოში ევროკავშირის მისიის, ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ხელმძღვანელებსა და სხვა დელეგატებს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე, მათ შორის ჰიბრიდულ საფრთხეებზე ისაუბრეს და ამ მიმართულებით, საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.

გიორგი გახარიამ შეხვედრაზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე ვითარებაზე გაამახვილა ყურადღება. შინაგან საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა, საოკუპაციო ძალების მიერ, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. გადასასვლელების დახურვის უპრეცედენტო ნეგატიურ გადაწყვეტილებებსა და შედეგებს, ოკუპაციის ხაზზე თავისუფალი გადაადგილების უკანონო შეზღუდვის და ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით ადამიანთა უკანონო დაკავების ფაქტებს, უკანონო „ბორდერიზაციის“ პროცესს და ოკუპირებული რეგიონების მზარდ მილიტარიზციას, რომელიც საფრთხეს უქმნის ადგილზე უსაფრთხოების გარემოსა და სტაბილურობას.

შინაგან საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ გამოხატა მზადყოფნა ევროპის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში საქართველოს აქტიური მონაწილეობის და ეტაპობრივი ინსტიტუციური ინტეგრაციის შესახებ.