გიორგი გახარიამ და აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრმა ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილეს
გიორგი გახარიამ და აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრმა ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრ მიხეილ ჯაბაროვს შეხვდა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი თემა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის დადებითი დინამიკა და ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი მიმართულებები იყო.

აღინიშნა, რომ ქვეყნებს შორის სწრაფად ვითარდება ვაჭრობა და ორმხრივი ინვესტიციები, ასევე თანამშრომლობა ენერგეტიკული დერეფნების მიმართულებით, ლოგისტიკისა და ტრანსპორტის სფეროში.

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, ხაზი გაესვა სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას და ორ სახელმწიფოს შორის არსებული ურთიერთგაგების მაღალ დონეს, რაც ორმხრივი საკითხების ოპერატიულად გადაწყვეტის შესაძლებლობას იძლევა. ასევე აღინიშნა, რომ წარმატებული ეკონომიკური ურთიერთობები გაგრძელდება, რამდენადაც ტრანსპორტის, ტრანზიტის, ლოგისტიკის, კავშირგაბმულობისა და ენერგეტიკის სფეროებში ახალი ერთობლივი პროექტების განხორციელება იგეგმება.

საქართველოს პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრის საქართველოში ვიზიტი დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის შეხვედრის გაგრძელებას წარმოადგენდა, რომელზეც მხარეებმა ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია „სოკარის“ პრეზიდენტი როვნაგ აბდულაევი, აზერბაიჯანის რკინიგზის თავმჯდომარე ჯავიდ გურბანოვი, ბაქოს პორტის გენერალური დირექტორი ტალეჰ ზიადოვი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დურსუნ ჰასანოვი, ხოლო საქართველოს მხრიდან – ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზურაბ პატარაძე, საერთაშორისო საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ირაკლი ჩიქოვანი და „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი დავით ფერაძე ესწრებოდნენ.