გიორგი გახარიამ ბათუმში საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის შენობა გახსნა და საექსპერტო ლაბორატორიები დაათვალიერა
გიორგი გახარიამ ბათუმში საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის შენობა გახსნა და საექსპერტო ლაბორატორიები დაათვალიერა

ვიცე-პრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ბათუმში საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის შენობა გახსნა და საექსპერტო ლაბორატორიები დაათვალიერა.

შსს-ს ინფორმაციით, აღნიშნული საექსპერტო ლაბორატორიები, ბალისტიკური ექსპერტიზის ტირი, ნარკოლოგიური შემოწმების კაბინეტი, საცავები და საოფისე სივრცე საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნებს სრულად შეესაბამება.

საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის ახალი შენობა, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკული და სამართალდამცავი პროგრამების საერთაშორისო ბიუროს (INL) და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) მხარდაჭერით, თანამედროვე აპარატურით აღიჭურვა. INL-მა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს ნარკოტიკებისა და უცნობი ნივთიერებების მაღალი სიზუსტის კვლევის 2 სისტემა საჩუქრად გადასცეს. დეპარტამენტმა კრიმინალისტიკური ჯგუფების შემთხვევის ადგილზე გადასაადგილებლად ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკული და სამართალდამცავი პროგრამების საერთაშორისო ბიუროსგან „ტოიოტა ფორტუნერის“ მოდელის ორი ავტომანქანაც მიიღო.

შენობის გახსნის ღონისძიებას შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, აჭარის მთავრობის წევრები, ევროკავშირის, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის, აშშ-ს ანტინარკოტიკული და სამართალდამცავი პროგრამების საერთაშორისო ბიუროს და FBI-ს წარმომადგენლები და სხვა სტუმრები დაესწრნენ.

შენობა, სადაც ახალი ლაბორატორიები მოეწყო, შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ გადასცა.