გიორგი გახარიამ ამირან გამყრელიძეს და პაატა იმნაძეს მადლობა გადაუხადა - ინფორმირებულობა, რომელიც შემოგაქვთ ქართულ საზოგადოებაში, არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს, ამირან გამყრელიძეს და მის მოადგილეს, პაატა იმნაძეს მადლობა გადაუხადა.
„მინდა, თითოეული მოქალაქის სახელით მადლობა გადაგიხადოთ პირადად თქვენ და თქვენს მოადგილეს პაატა იმნაძეს და საერთოდ დაავადებთა პრევენციის ცენტრს, რამეთუ ის ინფორმირებულობა, რომელიც შემოგაქვთ ქართულ საზოგადოებაში, მსგავსი გამოწვევებთან დაკავშირებით არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. მე რაც მოვისმინე ბოლო ორი დღის განმავლობაში მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენი მთავრობის, ჯანდაცვის სისტემის, დაავადებთა ეროვნული ცენტრის ძირითადი ამოცანაა დროული გამოვლენა, ხოლო ჩვენი, როგორც მოქალაქეების ამოცანა, პირადი ჰიგიენის ელემენტარული წესების დაცვა, რაც არ არის რთული“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
მისივე თქმით, ამ გამოწვევასაც ყველა ერთად წყნარად და მშვიდად გაუმკვალდება.
„საქართველოს მთავრობა ახორციელებს ყველა საჭირო პრევენციულ ნაბიჯს და სრულად აკონტროლებს მიმდინარე პროცესს. გარდა ამისა, მინდა კიდევ ერთხელ საგანგებო უწყებათაშორისი საბჭოს თითოეულ წევრს ვთხოვო და საბჭოს ხელმძღვანელობას დავავალო, რომ შეიქმნას სპეციალური მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეების ყოველდღიურ ინფორმირებულობას, რათა არ იყოს არანაირი კითხვის ნიშნები დარჩენილი პასუხების გარეშე, მით უმეტეს მაშინ, როდესაც საქართველოს მთავრობა სრულად აკონტროლებს პროცესს და ჩვენ საკმაოდ ეფექტურად ვუმკლავდებით გლობალურ გამოწვევას“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.