გიორგი გახარიამ აჭარაში არსებული ეპიდვითარება, მათ შორის რეგიონის კლინიკებში საწოლფონდის საკითხი ადგილობრივ შტაბთან განიხილა
აჭარის რეგიონში არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობასთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან ერთად, ვიდეოკონფერენციის ფორმატში ესაუბრა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს თორნიკე რიჟვაძეს, აჭარის ჯანდაცვის მინისტრ ნინო ნიჟარაძესა და საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის პირველ მოადგილეს, თამარ გაბუნიას, რომელიც აჭარის რეგიონში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესებიდან დღემდე, ადგილობრივი ჯანდაცვის სისტემაში არსებული ვითარების მართვის გაუმჯობესებისა და კოორდინაციის მიზნით ბათუმში იმყოფება.
პრემიერ-მინისტრი დეტალურად გაეცნო რეგიონში არსებულ ზოგად ეპიდვითარებას, ასევე კლინიკებში, მათ შორის საწოლფონდის კუთხით, არსებულ მდგომარეობას.
აჭარის მთავრობის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ რეგიონში ეპიდემიოლოგიური მიმართულებით ვითარება შედარებით დასტაბილურდა.
თამარ გაბუნიას ინფორმაციით, ასევე მოგვარებულია ადგილობრივი ჯანდაცვის სისტემაში, მათ შორის საწოლფონდის კუთხით არსებული პრობლემები. ამასთან, კლინიკური მართვის პროცესის გაუმჯობესების მიზნით, ადგილზე იმყოფება კლინიკური მართვის ჯგუფის წარმომადგენელი, კერძოდ, ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია. ერთობლივი ძალისხმევით, რეგიონში წარმოქმნილი ხარვეზები ამ ეტაპზე აღმოფხვრილია და პაციენტების დიდი რაოდენობის მიუხედავად, აჭარაში სისტემა გამართულად მუშაობს.
აჭარაში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა 19 ოქტომბერს აღდგა. დარჩენილი შეზღუდვებიც, ეპიდემიოლოგიური ვითარების სტაბილიზაციის შესაბამისად, ეტაპობრივად მოიხსნება. რეგიონში დადგენილი რეგულაციების აღსრულების პროცესს შესაბამისი სამსახურები ინტენსიურად აკონტროლებენ.
პრემიერ-მინისტრი აჭარაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, ადგილობრივ შტაბთან ვიდეოკონფერენციებს რეგულარულად განაგრძობს.
ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.