გიორგი გახარია - ზუსტად 102 წლის წინ, საქართველოში საფუძველი ჩაეყარა პირველ ეროვნულ პარლამენტს და დღეს პარლამენტის ფუნქცია არის უაღრესად მნიშვნელოვანი
ზუსტად 102 წლის წინ, საქართველოში საფუძველი ჩაეყარა პირველ ეროვნულ პარლამენტს და დღეს პარლამენტის ფუნქცია ქვეყანაში, მის განვითარებაში, ყოველდღიურ ცხოვრებაში, საპარლამენტო კონტროლის ჩათვლით, არის უაღრესად მნიშვნელოვანი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა, სადაც „კოვიდ-19“-ის პანდემიის პირობებში, საგანგებო მდგომარეობის დროს მთავრობის მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ანგარიშს წარადგენს.
„მოგესალმებით, პატივცემულო დეპუტატებო. ჩემთვის პატივია, მქონდეს შესაძლებლობა, მოგმართოთ თქვენ. მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ დღეს ჩვენი სურვილით, მთავრობისა და საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობით ვართ აქ. მინდა, დავიწყო იმით, რომ ზუსტად 102 წლის წინ, საქართველოში საფუძველი ჩაეყარა პირველ ეროვნულ პარლამენტს და დღეს პარლამენტის ფუნქცია ქვეყანაში, მის განვითარებაში, ყოველდღიურ ცხოვრებაში, საპარლამენტო კონტროლის ჩათვლით, არის უაღრესად მნიშვნელოვანი და, რა თქმა უნდა, იმ ვალდებულებასა და პასუხისმგებლობაზე, რომელიც ჩვენ გვაკისრია ჩვენი მოქალაქეებისა და პარლამენტის წინაშე, აგრეთვე, იმ კითხვებზე, რომლებიც საზოგადოებაში დაგროვდა, შეუძლებელი იყო, რომ სწორედ ამ ტრიბუნიდან არ გაგვეცა პასუხი,“- აღნიშნა პრემიერმა.
მისივე განცხადებით, დღეს ყველაზე აქტუალური კითხვები გლობალურ პანდემიას ეხება და მთავრობა მზად არის, ისაუბროს ამ თემებზე.
„ითქვა უკვე – კითხვები შესაძლოა არსებობდეს სხვადასხვა სფეროდან – ჩვენი ეკონომიკური და სოციალური ცხოვრებიდან, თუმცა დღეს ყველაზე აქტუალური, რაც ჩვენს მოქალაქეებს აღელვებთ, გახლავთ გლობალური პანდემია, შესაბამისად, მზად ვართ, ვისაუბროთ ამ თემაზე, პასუხი გავცეთ ყველა კითხვას, არანაირი დახურული თემები ჩვენთვის არ არსებობს,“ – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.