გიორგი გახარია - ზოგიერთი ვაიპოლიტიკოსის გამო, არის მცდელობები, რომ ჩვენი უცხოელი პარტნიორები იყვნენ ჩათრეული შიდაპოლიტიკურ დაპირისპირებებში
ზოგიერთი ვაიპოლიტიკოსის გამო, ხდება მცდელობები, რომ ჩვენი უცხოელი პარტნიორები იყვნენ ჩათრეული შიდაპოლიტიკურ დაპირისპირებებში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებათა კომიტეტის კანონპროექტზე კომენტარისას აღნიშნა.
როგორც გიორგი გახარიამ განაცხადა, საქართველო ყოველდღიურად პროგრესირებს და ეს კოლეგებმა ძალიან კარგად იციან.
„როგორც ჩანს, წინასაარჩვენო მაღალი პოლიტიკური ტემპერატურა გარეთაც გადის. მოგეხსენებათ, რომ ასეთი ბევრი შემთხვევა იყო. ზუსტად მსგავსი ინტერპრეტაციები მახსოვს, როდესაც საუბარი იყო საკონსტიტუციო ცვლილებებზე საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, მაგრამ ყველას კარგად გვახსოვს, ამ ცვლილების მიღების შემდგომ საერთაშორისო პარტნიორების შეფასებები იყო შესანიშნავი. მათ ძალიან კარგად დაინახეს, რომ ქართული დემოკრატია პროგრესირებს. ჩვენ წინ გვაქვს არჩევნები, რომელიც უნდა ჩავატაროთ დემოკრატიულად, სრულად, გახსნილად, ღიად და კონკურენტულ გარემოში, რასაც, რა თქმა უნდა, გავაკეთებთ და თქვენ ყველანი, ჩვენთან ერთად, ამას ნახავთ. საერთაშორისო პარტნიორები არიან ჩვენი ყველაზე ახლო სტრატეგიული პარტნიორები და მეგობრები. თითოეული მათი ნათქვამი ჩვენთვის არის ყურადსაღები, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. სამწუხაროდ, ზოგიერთი ჩვენი ვაიპოლიტიკოსის გამო, ხდება მცდელობები, რომ ჩვენი უცხოელი პარტნიორები იყვნენ ჩათრეული შიდა პოლიტიკურ დაპირისპირებებში. ეს არის ცუდი, რადგან, საბოლოო ჯამში, ეს რომელიმე პოლიტიკურ ძალას კი არ ვნებს, ეს ვნებს ქვეყანას. ამიტომ, ახლა ყველანი უნდა დავწყნარდეთ, დავმშვიდდეთ. ყველას უნდა ესმოდეს, რომ კარგად ჩატარებული არჩევნები ჩვენი საერთო მიზანია. ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ეს ოპოზიცია იქნება, თუ მმართველი პარტია. ყველამ ერთად, ღირსეულად, დემოკრატიულად უნდა ჩავატაროთ არჩევნები. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.