ზოგიერთი ჩვენი მოქალაქე ცდილობს, პოლიციელებს ბულინგის სახით მოუწყოს სახალხო სასამართლო, რაც მიუღებელია, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა.
მისი თქმით, პოლიციამ 20 ივნისის ღამეს გამოიყენა ლეგიტიმური უფლება, გამოეყენებინა ძალა. ძალის პროპორციულობის ნაწილში კი, არსებობს გარკვეული კითხვის ნიშნები გარკვეულ ეპიზოდებთან, რომელიც დეტალურად გამოსაძიებელია.
„აბსოლუტურად მკაფიოდ ვყოფ სამართლებრივ და პოლიტიკურ ნაწილს. სამართლებრივი ნაწილი, რომელიც მისაყვანია ბოლომდე, გამოსაძიებელია და ამას არ იძიებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. ამას ვიძიებთ აბსოლუტურად ღიად, მზად ვართ, ამაში ჩაერთოს, როგორც სახალხო დამცველი, ასევე ყველა დაინტერესებული მხარე. სანამ არ იქნება დასმული წერტილი და არ გაეცემა პასუხი ამ პროპორციულობის ნაწილს, მე ვარ აქ და დავიცავ თითოეულ პოლიციელს, რომელსაც დღეს ზოგიერთი ჩვენი მოქალაქე ცდილობს, ბულინგის სახით მოუწყოს სახალხო სასამართლო, რაც ასევე მიუღებელია“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
მისი თქმით, ყველა უნდა შეთანხმდეს, რომ დაუშვებელია იმ ადამიანების ბულინგი და მათზე თავდასხმა, რომლებიც ცდილობენ, სახელმწიფო, ინსტიტუტები და კონსტიტუცია დაიცვან.
„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ ეს არის შემთხვევა, რომელიც უნდა დავჯდეთ და საზოგადოების ყველა მხარესთან ერთად დეტალურად განვიხილოთ, არ დაგავიწყდეთ ერთი რამ, თუ ჩვენ გვინდა, ავაშენოთ სამართლებრივი სახელმწიფო, დაუშვებელია ფიზიკური ძალადობით შტურმის მიტანა სახელმწიფო ინსტიტუტებზე. ვფიქრობ, ამაზე უნდა შევთანხმდეთ ყველა. ასევე უნდა შევთანხმდეთ, დაუშვებელია იმ ადამიანების ბულინგი და მათზე თავდასხმა, რომლებიც ცდილობენ, ეს ინსტიტუტები, სახელმწიფო და კონსტიტუცია დაიცვან“, – განაცხადა მინისტრმა.
მისი თქმით, თითოეული ღირსეული პოლიციელი, ვინც კეთილსინდისიერად შეასრულა თავისი ფუნქცია, ასრულებდა არა მხოლოდ თავის სამსახურებრივ მოვალეობას, არამედ თავის ქვეყანას ემსახურებოდა.
„ასეთი ხალხი იქ იყო რამდენიმე ასეული და, როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ძალის გამოყენება იყო ლეგიტიმური, რატომ არ გინდათ, დავიწყოთ საერთოდ მიზეზებით, რა მოხდა, როგორ მოხდა და როგორ დაიწყო.
მე გეუბნებით, რომ ეს იყო ძალის ლეგიტიმური გამოყენება. სამწუხაროდ, ეს ადამიანები იყვნენ იძულებული, გამოეყენებინათ სპეციალური აღჭურვილობა. ეს იყო ტრაგიკული შემთხვევა, მაგრამ ის ნაწილი, როდესაც პროპორციულობაზე ვსაუბრობთ და ჩვენ მართლა გვაქვს დაფიქსირებული რამდენიმე მძიმე შემთხვევა და ვამბობთ, რომ მზად ვართ, ამ შემთხვევებზე გვქონდეს სწორი, გამჭვირვალე რეაგირება, რათა ხვალ და ზეგ მსგავსი არ განმეორდეს, როდესაც ვამბობთ, რომ ადამიანებს, რომელიც ვალდებული არიან წლების განმავლობაში ხვალ-ზეგ პასუხი აგონ ჩვენი თანამოქალაქების ჯანმრთელობაზე, მათ სიცოცხლეზე და, როდესაც ვამბობთ, თუ ვიღაცამ რაღაც დააშავა, მოდით ვიმსჯელოთ, არის შემადგენლობა? რა თქმა უნდა, ადამიანები უნდა იყვნენ დასჯილი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს ადამიანები, რომლებიც პასუხს აგებენ ამ ქვეყნის უსაფრთხოებაზე, უნდა გახდნენ სამართლიანი პროცედურების გარეშე ვიღაცის განსჯის საგანი“, – განაცხადა გახარიამ.
მისი თქმით, არ შეიძლება ადამიანს, რომლის მოვალეობა სამოქალაქო წესრიგის დაცვაა, ვიღაცის სუბიექტური გამოთქმების გამო, აბრალებდნენ ათას უბედურებას.
„არ შეიძლება, ადამიანს, რომლის მოვალეობაა დაიცვას სამოქალაქო წესრიგი, ვიღაცის სუბიექტური გამოთქმების გამო, ვაბრალებთ ათას უბედურებას. ეს პროცესი არის მისაყვანი ბოლომდე. არავინ ჩემს გარდა, ამ ღონისძიებაზე პირველ რიგში პასუხს არ აგებს. მე ვაგებ, თუმცა პოლიტიკური პასუხისმგებლობის ნაწილიც არის გასათვალისწინებელი“, – აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრმა.
მისი თქმით, შეფასებები არ იქნება სრულყოფილი, სანამ სამართლებრივი პროცედურები არ დასრულდება.
„ჩემი პასუხისმგებლობა არის ის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ და პოლიციამ ღირსეულად გაუძლოს იმ გამოცდას, რომელიც ჩვენ მოგვიწია შეგვესრულებინა ამ ღამეს. იმ შედეგებს, რაც ჩვენ მივიღეთ პრობლემებით, რომელიც არის, თვალი უნდა გავუსწოროთ, ესეც ჩემი პასუხისმგებლობაა.
მაშინ, როდესაც მე ვამბობ, რომ თავიდან ბოლომდე ამ ღონისძიებაზე პასუხს ვაგებ მე, რა თქმა უნდა, მე ვიქნები აქ, ვიდრე უსაფრთხოდ და ლეგიტიმურად სამართლებრივი პროცედურების დასრულებამდე არ დავინახავ, რომ თითოეული პოლიციელი, რომელიც ამ ღონისძიებაში იყო ჩართული, არ იქნება უსამართლო ზემოქმედების მსხვერპლი“, – აღნიშნა გახარიამ.
შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, თუ სისტემური დარღვევები გამოიკვეთა, ეს მისი პასუხისმგებლობაა, თუმცა არის პოლიტიკური კომპონენტიც.
„არის ორი განზომილება, პოლიტიკური და სამართლებრივი. სამართლებრივ ნაწილში თუ იქ აღმოჩნდება, რომ იყო სისტემური დარღვევები, ეს ჩემი პასუხისმგებლობაა და ამ პასუხისმგებლობას ვიღებ. თუმცა არის პოლიტიკური კომპონენტი და, როდესაც ვიღაც ცდილობს, მოახდინოს პოლიციის დელეგიტიმაცია, რაც ნიშნავს სამართლებრივი სახელმწიფო ინსტიტუტების რღვევას, მე ამას არ დავუშვებ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.