გიორგი გახარია - ყველაზე მეტი რესურსი უნდა იყოს მიმართული ბავშვების, მათი სოციალური დახმარების, ჯანმრთელობისა და განათლებისკენ
პირველ რიგში, ყველაზე მეტი რესურსი უნდა იყოს მიმართული ბავშვების, მათი სოციალური დახმარების, მათი ჯანმრთელობისა და განათლებისკენ, რამეთუ ეს არის ჩვენი მომავალი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ განაცხადა ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსისა და სოციალ-დემოკრატების“ სხდომაზე დეპუტატ ირმა ინაშვილის კითხვის პასუხად, რომელიც ბავშვთა უფასო კვებას ეხებოდა.
გიორგი გახარიას თქმით, სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის, სადაც სოციალურად დაუცველი ბავშვები არიან, სოციალური დახმარება დაახლოებით ხუთჯერ გაიზარდა.
„დღეს ეს წარმოადგენს დაახლოებით 50 ლარს და ასეთი დახმარება ეძლევა 140 ათას ბავშვს. თუმცა გვესმის ისიც, რომ ეს საკმარისი არ არის. ჩვენ აქ უნდა დავიცვათ ბალანსი და უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი სახელმწიფოს, ჩვენი ეკონომიკის რესურსები არის შეზღუდული, თუმცა აბსოლუტურად გეთანხმებით იმაში, რომ პირველ რიგში, ყველაზე მეტი რესურსი უნდა იყოს მიმართული ბავშვების, მათი სოციალური დახმარების, მათი ჯანმრთელობის, მათი განათლებისკენ, რამეთუ ეს არის ჩვენი მომავალი“, – განაცხადა გახარიამ.
ამასთან, მისი თქმით, მთავრობის მუშაობის განმსაზღვრელი პრინციპი იქნება, რომ წარმატება შეიძლება, იყოს დამყარებული მხოლოდ ერთობლივ მძიმე შრომაზე – მთავრობის, ხელისუფლებისა და თითოეული მოქალაქის.