გიორგი გახარია - ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტი ერთმანეთთან დისტანციის დაცვაა და არ აქვს მნიშვნელობა, იქნება ეს ეკლესიაში თუ სუპერმარკეტში
არსებობს საკითხები, რომლებიც არის სენსიტიური და მარტივად გადასაწყვეტი არ არის, მაგრამ ჩვენ თუ ვთანხმდებით, რომ ადამიანის, არ აქვს მნიშვნელობა მოქალაქის თუ მრევლის სიცოცხლე და ჯანმრთელობა არის ყველაზე მაღალი ფასეულობა, მაშინ არაფერს არ ნიშნავს და არაფერი არ ღირს ორი მეტრის დისტანციის დაცვა, რომელიც შეუძლია როგორც სახელმწიფოს, ასევე ეკლესიასაც, – ამის შესახებ მთავრობის კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.
„რა თქმა უნდა, ეს ხელს შეუშლის იმას, რომ უფრო ეფექტურად გავუმკლავდეთ გამოწვევას. მარტივი თემაა. მინდა, შევამჩნიოთ და დავაფასოთ ის, რაც ბევრ ეკლესიაში მოხდა, ბევრმა მამაომ გააკეთა. მესმის რამხელა სამოქალაქო პასუხისმგებლობაა საჭირო, როდესაც მრევლს უნდა სთხოვო, რომ ეკლესიის გარეთ და გარკვეული დისტანცია დაიცვან. ასე იქმნება სახელმწიფოები. ასე ვყალიბდებით ჩვენ, როგორც წარმატებული სახელმწიფო. მიუხედავად იმისა, რომ რა თქმა უნდა, პრობლემებიც უამრავია და ჩემი, როგორც მთავრობის მეთაურის ვალდებულებაა ჯანმრთელობაზე ზრუნვა.
როგორც ადრე ვთქვი და გავიმეორებ, დღეს ჩვენ გვაქვს ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტი – დავიცვათ დისტანცია ერთმანეთთან და არ აქვს მნიშვნელობა, სად იქნება ეს, ეკლესიაში თუ სუპერმარკეტში. როდესაც ვიღაც საუბრობს, 10 ადამიანი ბევრია, თუ ცოტაა, არანაირი მნიშვნელობა ამას არ აქვს, თუ ადამიანი ზრუნავს თავისი თანამოქალაქის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე და როდესაც ვიღაცებს უნდათ, პოლიტიკური ინტერესიდან გამოიყენონ მთავრობას, სახელმწიფოს და ეკლესიას შორის დაპირისპირება, ესეც პოლიტიკური სპეკულირების თემაა“, – განაცხადა გახარიამ.