გიორგი გახარია - იძულებული ვართ, რომ ნელ-ნელა გავხსნათ ეკონომიკა, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ არ გვაქვს უკან დაბრუნების სურვილი
ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ვირუსი ჩვენ არ დაგვიმარცხებია, შეუძლებელია ცალკე აღებულ ქვეყნებში ვირუსის დამარცხება, ეს არის გლობალური პანდემია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.
როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, დღეს მთავრობის გადაწყვეტილებით ბევრი ეკონომიკური საქმიანობა იხსნება, რეალურად მას შემდგომ, რაც საზოგადოებრივი სატრანსპორტო ამოქმედდა ღია რესტორნები, სავაჭრო ცენტრები, ყველა სახის ბარები არის გახსნილი, ფაქტია, რომ ყველაფერი ეს იწვევს ქალაქში მოქალაქეების მობილობის ზრდას, რაც ვირუსის გავრცელების მეტ რისკს ქმნის.
„დღეს გვაქვს კორონავირუსის 11 ახალი, გუშინ გვქონდა 26, გუშინწინ ცხრა. ეს მოსალოდნელი იყო. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ვირუსი ჩვენ არ დაგვიმარცხებია. შეუძლებელია ცალკე აღებულ ქვეყნებში ვირუსის დამარცხება, ეს არის გლობალური პანდემია. ვერცერთი ქვეყანა მსოფლიოში ცალკე აღებული ვირუსს ვერ დაამარცხებს, გამარჯვება უნდა იზეიმოს მსოფლიომ ერთად. ჩვენი ამოცანაა ვირუსის გავრცელების ეფექტური კონტროლი – როგორც დროში, ასევე სივრცეში. ჩვენს ქვეყანაში ბოლო ორი დღის განმავლობაში გაგვიჩნდა ორი ახალი კლასტერი – ერთი თბილისში და ერთი მარნეულში, სოფელ მერეთში. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი ამოცანა არის ეფექტური კონტროლი ვირუსის გავრცელების, როგორც დროში სისწრაფე, ასევე გეოგრაფიულად სივრცეში. აქ თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობა ელემენტარული წესების დაცვაა. მინდა, თითოეულ მოქალაქეს მოვუწოდო, ყოველთვის ვატაროთ ნიღაბი, როდესაც ვართ ტრანსპორტში, თავშეყრის ადგილებში. ეს არის უკიდურესად მნიშვნელოვანი. ეს არის ის სამოქალაქო პასუხისმგებლობა, რომელიც მარტივია, ეს ჩვენ ყველამ უნდა გავაკეთოთ. იძულებული ვართ, ნელ-ნელა გავხსნათ ეკონომიკა. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ არ გვაქვს სურვილი უკან დაბრუნების“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.