გიორგი გახარია - ყველას გასაგონად მინდა, ვთქვა, რომ პარტია „საქართველოსთვის“ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არანაირ ალიანსს არ განიხილავს, ეს არის ჩვენი პოლიტიკური პოზიცია
მინდა, აბსოლუტურად ღიად, ყველას გასაგონად ვთქვა, რომ პარტია „საქართველოსთვის“ არანაირ ალიანსს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არ განიხილავს და ვერ განიხილავს, ეს არის ჩვენი პოლიტიკური პოზიცია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ გორში, რეგიონული ოფისის გახსნაზე განუცხადა.
მისივე თქმით, სრული ტყუილია მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის ამბავი.
„რაც შეეხება სააკაშვილის ამბავს, სრული ტყუილია. „ოცნების“ დღევანდელმა ბოსებმა შეთხზეს ეს ისტორია, შემდგომ, ერთი ტელევიზიის საშუალებით, რომელიც იქ დარაჯობდა, გაავრცელეს. მერე ეს აიტაცა მეორე ტელევიზიამ და შექმნეს ტყუილზე დაფუძნებული ფეიკნიუსი. სამწუხაროა, რომ ძალზე პატივსაცემმა ტელევიზიებმა, რომლებსაც ძალიან დიდი დაფარვა აქვთ და, სადაც უაღრესად ბევრი კარგი, პატიოსანი ჟურნალისტი მუშაობს, იციან, რომ ფეიკია და მას ავრცელებენ. „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიღწევა იყო და დღესაც არის თავისუფალი მედია. დღეს, რასაც აკეთებენ „ქართული ოცნების“ დღევანდელი ბოსები, ამ მიღწევასაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ. ისე არიან შეშინებულები, დამფრთხლები, სხვა გზა არ აქვთ. ტყუილებით ცდილობენ, პოზიციები გაიმყარონ თავისივე მომხრეებში. ჩვენ იქ არანაირი გადაკვეთა არ გვქონია“, – განაცხადა გახარიამ.