გიორგი გახარია - ყველანაირი სპეკულირება ინფიცირებულების რაოდენობის ზრდაზე, სამედიცინო სექტორის მზადყოფნაზე ან საწოლების საკმარისობაზე, არის უკიდურესად მიუღებელი და ამორალური
ყველანაირი სპეკულირება ინფიცირებულების რაოდენობის ზრდაზე, სამედიცინო სექტორის მზადყოფნაზე ან საწოლების საკმარისობაზე, ეს არის უკიდურესად მიუღებელი და ამორალური, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, მსოფლიში ვირუსის შეჩერების ორი გზა არსებობს, სრული ლოქდაუნი, ქვეყნის მაქსიმალურად და სრულად ჩაკეტვა ან ვირუსთან ადაპტაცია და სრულად მართვა.
„ვირუსთან ადაპტაციას და მის მართვას სჭირდება მაღალ პასუხისმგებლობა მთავრობის, საჯარო და კერძო ორგანიზაციების, ჩვენი მოქალაქეების მხრიდან. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ დღეს ქვეყანაში წესების დაცვა, პირბადის ტარება, ელემენტარული დისციპლინა და კანონების შესრულება, ეს არის პატრიოტიზმი. ეს არის ის პატრიოტიზმი, რომელიც თითოეულ ჩვენს მოქალაქეს მისცემს შესაძლებლობას, დაიცვას თავისი ჯანმრთელობა და რაც შეიძლება სწრაფად აღვადგინოთ ჩვენი ეკონომიკა. ყველანაირი სპეკულირება ინფიცირებულების რაოდენობის ზრდაზე, სამედიცინო სექტორის მზადყოფნაზე ან საწოლების საკმარისობაზე, ეს არის უკიდურესად მიუღებელი და ამორალური.
მინდა გითხრათ, რომ ამ თვეების განმავლობაში მთავრობა და ჯანდაცვის სამინისტრო ემზადებოდნენ ამისთვის და ყველას კარგად გვესმოდა, რომ იქნებოდა მეორე ტალღა, იქნებოდა ინფიცირებულების რაოდენობის ზრდა. მაგრამ მთავარია, ჩვენ ეს პროცესი ვმართოთ, რასაც დღეს ვაკეთებთ. მიუხედავად იმისა, რომ დღეს გვაქვს 919 შემთხვევა, უახლოეს დღეებში ჩვენ გადავაბიჯებთ 1000-ს და ეს ზრდა გაგრძელდება, მაგრამ ჯანდაცვის სისტემა იმ ახალი მიდგომით, რომელიც ჩვენ უკვე გეგმაში გვაქვს შეტანილი ამ დარტყმას გაუძლებს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.