შეუძლებელია, არ შევთანხმდეთ იმაზე, რომ ჩვენი ხვალინდელი დღე, ხვალინდელი გეგმები უნდა იყოს დაკავშირებული წარსულთან – ჩვენს დიდებულ, გამორჩეულ წარსულთან, რომლის განსახიერებაც არის მცხეთა და სვეტიცხოველი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მცხეთაში განაცხადა, სადაც მმართველმა პარტიამ მცხეთის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი შალვა კერესელიძე წარადგინა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ყველამ ერთად უნდა იშრომოს იმისათვის, რომ საქართველო ეკონომიკურად ძლიერი, სამართლიანი და ევროპული სახელმწიფო იყოს.
„დიდი პატივია თქვენთან ერთად აქ ყოფნა, მცხეთაში, მუზეუმად ქცეულ ქალაქში, რომელიც სრული ასახვაა ამ ქვეყნის და ჩვენი ისტორიის. შეუძლებელია, აქ ისაუბრო მომავალზე და არ გქონდეს წარსულთან ბმა. შეუძლებელია, არ შევთანხმდეთ იმაზე, რომ ჩვენი ხვალინდელი დღე, ხვალინდელი გეგმები უნდა იყოს დაკავშირებული წარსულთან – ჩვენს დიდებულ, გამორჩეულ წარსულთან, რომლის განსახიერებაც არის მცხეთა და სვეტიცხოველი. ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ და ვიშრომოთ, რომ ეს ქვეყანა იყოს ეკონომიკურად ძლიერი, სამართლიანი და ევროპული სახელმწიფო, უდიდეს სიმბოლოს ატარებს. ამიტომ, ემოციურიც არის და დიდი პასუხისმგებლობაა, აქ, თქვენთან ერთად ყოფნა და მომავალ გეგმებზე საუბარი. მცხეთა განსახიერებაა საერთოდ, საქართველოსი. აქ თავმოყრილია ყველაფერი, რაც კი საქართველოს ისტორიასთან არის დაკავშირებული და როდესაც ვსაუბრობთ მომავალზე და ერთმანეთს ვპირდებით, ეს პასუხისმგებლობა ყველას უნდა გვესმოდეს და გვახსოვდეს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
პრემიერ-მინისტრმა მცხეთაში არსებულ გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მიუხედავად ეპიდემიისა და ეკონომიკური კრიზისისა, არც ერთი დღით სისტემური პროექტები არ გაჩერებულა და არც გაჩერდება.
„უნდა შევთანხმდეთ, რომ ბევრი კარგი საქმე გვაქვს დაწყებული, რომელიც ერთად უნდა დავასრულოთ. არ მინდა, დეტალებში ღრმად შევიდე იმ კონკრეტულ მიღწევებზე, რომელიც მცხეთაშია. ბევრგან არის მოსაგვარებელი ისეთი საკითხები, როგორიცაა ინფრასტრუქტურა, წყალი. მიუხედავად იმისა, რომ სამელიორაციო პროექტები ცხრა ლოკაციაზე გაკეთდა და დამატებით 4 000 ჰექტარი მიწა მოირწყვება, ამ მიმართულებითაც ბევრია გასაკეთებელი. სამწუხაროდ, ცუდ პერიოდში ვცხოვრობთ, ეპიდემია, ეკონომიკური კრიზისია. მიუხედავად ამისა, არც ერთი დღით სისტემური პროექტები არ გაჩერებულა და არც გაჩერდება. ვიცი, ამ რეგიონისთვის და მცხეთისთვის ქვეშეთი-კობის მონაკვეთს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ასევე, ნატახტარი-ჟინვალი 2021 წელს დაიწყება და გაკეთდება. ეს ყველაფერი დამატებითი რესურსია მცხეთისთვის“, – აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.
გიორგი გახარიამ ასევე ხაზი გაუსვა, რომ მცხეთისთვის ტურიზმს უდიდესი მნიშვნელობა აქვს.
„სამწუხაროდ, წელს ამ გლობალურმა პანდემიამ ცუდ დღეში ჩაგვაგდო, თუმცა მთავარი მაინც უნდა იყოს ადამიანზე ზრუნვა. ჩვენ დღესაც გვქონდა ბევრი შეხვედრა, ბევრი ვისაუბრეთ, ინფიცირებული შემთხვევების ზრდა გვაქვს. მიუხედავად ამისა, ყველამ უნდა იცოდეს, რომ დღეს უკვე მზად ვართ იმისთვის, რომ მსგავს რისკებს ვუპასუხოთ ისე, რომ გავუფრთხილდეთ თითოეული ადამიანის სიცოცხლესაც და სამუშაო ადგილსაც. ჩვენ ხალხთან დასამალი არაფერი გვაქვს და არც ბევრი გვაქვს სასაუბრო, რა გაგვიკეთებია, რადგან ეს ყველაფერი ჩანს. ის, რასაც ჩვენ მომავალში ერთად გავაკეთებთ, არ იქნება დაპირება, ეს იქნება პირდაპირი გეგმა და პირდაპირი საქმე“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურმა მიმდინარე პროექტებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა, იზრუნოს მომავალ თაობაზე, ბავშვებზე, რის გამოც მთავრობა ორიენტირებული იქნება ეფექტურ, სწრაფ განათლების რეფორმაზე.
„მცხეთასთან და საერთოდ, რეგიონთან მიმართებით, რა თქმა უნდა, რამდენიმე მნიშვნელოვანი თემა უნდა გამოვყოთ. ამ ხალხის დამსახურებაა, რომ მცხეთას ექნება მუზეუმი და კინოთეატრი გადაკეთდება მუზეუმად. აუცილებლად უნდა ვახსენოთ ის სპორტული კომპლექსი, რომელიც გაკეთდა და რომელიც მცხეთელებს და ახალგაზრდებს, აქაურებს აძლევს შესაძლებლობას, ჯანსაღი ცხოვრებით იცხოვრონ. ჩატარდა და კიდევ 24 სკოლის რეაბილიტაცია იგეგმება. ასეთი ინფრასტრუქტურული პროექტები პანდემიის დროს არ გაჩერებულა და შემდეგ, მათი სისწრაფე და რაოდენობა გაორმაგდება. რა თქმა უნდა, აუცილებლად უნდა ვთქვათ სოფლის მეურნეობაზე. სახელმწიფოს აქვს თავისი, პირდაპირი პასუხისმგებლობები. სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა, იზრუნოს ჩვენს მომავალ თაობაზე, ბავშვებზე და ამიტომ, ჩვენ ვიქნებით ორიენტირებული ეფექტურ, სწრაფ განათლების რეფორმაზე. რა თქმა უნდა, სახელმწიფომ უნდა იზრუნოს ხანდაზმულ ადამიანებზე და ამისთვის ჩვენ ვაკეთებთ სოციალური სისტემის რეფორმას. ამასთან იყო დაკავშირებული მაღალმთიანი სტატუსის მინიჭება ბევრ სოფლებთან. მცხეთა-მთიანეთის რეგიონში დაახლოებით 421 სოფელია. პირდაპირი დახმარებაა სოციალური დახმარება ადამიანებისთვის, რომლებიც მთას ამაგრებენ, საზღვრებს ამაგრებენ. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი გასაგრძელებელია“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ მთავრობის გეგმების განხორციელების ცენტრში არის ადამიანი და მასზე ზრუნვა.
„ვინც რა უნდა თქვას, ჩვენს გეგმებს განვახორციელებთ და ამ გეგმების ცენტრში არის ადამიანი და მასზე ზრუნვა. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გლობალურად და ქვეყანაში არის პანდემია. ეს იქნება ჩვენი ძირითადი მიზანი დღესაც და ხვალაც. ყველა უნდა შევთანხმდეთ, რომ მიზანმიმართულად ვიზრუნოთ ბავშვებზე, ხანდაზმულებზე და ყველამ ერთად უნდა შევუქმნათ სამართლიანი, თანასწორი უფლებები იმისთვის, რომ ღირსეულად ვარჩინოთ ჩვენი შრომით ოჯახები. ეს არის სამართლიანი, ეკონომიკურად ძლიერი სახელმწიფო, ისეთი სახელმწიფო, რომელიც დღეს კიდევ უფრო ახლოს უნდა იყოს ევროპასთან, ვიდრე გუშინ და ხვალ. ისე უნდა მიუახლოვდეს, რომ ამ ქვეყნის ისტორიული მიზანი – ევროპულ ოჯახში ჩვენი დაბრუნება, გახდეს შესაძლებელი. ეს ჩვენი ერთობლივი საქმეა. როდესაც მაჟორიტარობის კანდიდატზე ვსაუბრობთ, ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ქვეყანაში საარჩევნო სისტემა შეიცვალა. დღეს მცხეთას, სამწუხაროდ, ცალკე მაჟორიტარი არ ჰყავს, ეს არის დუშეთი-თიანეთი-ყაზბეგის ოლქი, მაგრამ დიდ პასუხისმგებლობასთან ერთად, ეს იყო ერთ-ერთი მიზანი, რატომაც ჩვენ ბევრი ფიქრის შემდგომ არჩევანი გავაკეთეთ შალვა კერესელიძეზე. ეს ადამიანი იყო ამ რეგიონის გუბერნატორი და ყველაზე უკეთ იცის, სად რა პრობლემაა. ეს არის ადამიანი, რომელიც კი არ ტრაბახობს და არ ყვება, რა გაუკეთებია ამ კუთხისა და რეგიონისთვის, არამედ წყნარად, მშვიდად, თავმდაბლად საქმეს აკეთებს. დარწმუნებული ვარ, ის იქნება ამ რეგიონის ღირსეული ხმა საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში და დარწმუნებული ვარ, რაც მთავარია, სამართლიან ბრძოლაში ღირსეულად გავიმარჯვებთ. გამარჯვებას გისურვებთ, მცხეთელებო“ , – განაცხადა გიორგი გახარიამ.