გიორგი გახარია - ყველაფერს გავაკეთებთ, რომ შსს-ს მიერ ფრაზა „მიმდინარეობს გამოძიება“ უფრო და უფრო იშვიათად იყოს გამოყენებული
გიორგი გახარია - ყველაფერს გავაკეთებთ, რომ შსს-ს მიერ ფრაზა „მიმდინარეობს გამოძიება“ უფრო და უფრო იშვიათად იყოს გამოყენებული

ყველაფერს გავაკეთებთ, რომ შსს-ს მიერ ფრაზა „მიმდინარეობს გამოძიება“ უფრო და უფრო იშვიათად იყოს გამოყენებული, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვა გახმაურებულ საქმეებზე მიმდინარე გამოძიებებს შეეხებოდა.

„აბსოლუტურად გულწრფელად მინდა, გითხრათ, რომ ჩემი გუნდის ძირითადი ამოცანა, რასაც დღეს ვაკეთებთ, რეფორმების გეგმა, რომელსაც სისტემურ განახლებას ვეძახით, ეფექტურობის გაზრდის გარდა, საბოლოოდ ჩვენი მიზანია, რომ აღარ გვქონდეს აუცილებლობა და რაც შეიძლება იშვიათად გამოვიყენოთ ფრაზა „მიმდინარეობს გამოძიება“. მერწმუნეთ, რომ ეს არის ჩვენთვის გამაღიზიანებელი არა, უბრალოდ დამამცირებელი. თუმცა, ობიექტური რეალობაც გვესმის, რომელსაც ვერ გავექცევით. აქედან გამომდინარეობს ის რეფორმები, რომელსაც საგამოძიებო კომპონენტის გარდაქმნაში ვაკეთებთ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ფრაზა „ მიმდინარეობს გამოძიება“ ყოველდღიურად, ყოველთვიურად სულ უფრო და უფრო იშვითად იყოს გამოყენებული შინაგან საქმეთა სამინისტროზე პასუხისმგებელი პირების მიერ. ეს არის ჩემი პასუხი. ასევე მინდა, გითხრათ, თითოეული ეს საქმე არის კომპლექსური თემა. ამას სჭირდება მართლმსაჯულების ერთიანი სისტემის ძალიან მკაფიო და ეფექტური მუშაობა. ეს არ არის მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტრო, ეს არის პროკურატურა, სასამართლო სისტემა, სასჯელაღსრულების სისტემა და კიდევ ბევრი. ამიტომ ფუნქციის ჩვენს ნაწილს აუცილებლად შევასრულებთ. ჩვენ კოლეგებთან ერთად ვეცდებით, რომ ფრაზა „მიმდინარეობს გამოძიება“ სულ უფრო და უფრო იშვიათად იყოს გამოყენებული“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.