გიორგი გახარია - ყველაფერს გავაკეთებთ, არჩევნები ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისითაც იყოს უსაფრთხო და ეს ასეც იქნება
ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ არჩევნები გარდა იმისა, რომ უნდა იყოს გამჭვირვალე, დემოკრატიული და სამართლიანი, იყოს ჯანმრთელობისა და ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით უსაფრთხო, ეს ასეც იქნება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ქუთაისში ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, საქართველოს მთავრობა აბსოლუტურად თანმიმდევრულ ნაბიჯებს დგამს აბსოლუტურად გეგმის მიხედვით მიდის.
„როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ მსოფლიო იმყოფება ინფიცირების ზრდის ფაზაში, მათ შორის საქართველოც, არავის უნდა ეგონოს, რომ ეს ზრდა არ გაგრძელდება, მაგრამ წესების დაცვით, უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, პირველ რიგში ჩვენს მოხუცებულებს და მაღალი რისკის ქვეშ მყოფ ადამიანებს. ცხოვრება უნდა გავაგრძელოთ, უნივერსიტეტებიც უნდა გავხსნათ, არჩევნებიც უნდა ჩავატაროთ და ეკონომიკაც უნდა ავამუშაოთ. აქ ბალანსია ყველაზე მნიშვნელოვანი. ერთ მარტივ მაგალითს გეტყვით, დარწმუნებული ვარ, იმ წესებით, რომელიც შემუშავებულია ცესკო-სა და ეპიდემიოლოგების მიერ, საარჩევნო უბანი იქნება ბევრად უფრო უსაფრთხო, ვიდრე ბევრი სუპერმარკეტი. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ არჩევნები გარდა იმისა, რომ უნდა იყოს გამჭვირვალე, დემოკრატიული და სამართლიანი, იყოს ჯანმრთელობისა და ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით უსაფრთხო, ეს ასეც იქნება. ბევრ სუპერმარკეტში ვიზიტი იქნება უფრო მაღალი რისკის შემცველი, ვიდრე საარჩევნო უბანზე მისვლა. მე როგორც ჩვენს მხარდამჭერებს, ასევე ყველა საქართველოს მოქალაქეს მოვუწოდებ არჩევნებში მონაწილეობისკენ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.