გიორგი გახარია - ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ქვეყანაში ეკოლოგიური სტანდარტი დაცული იყოს
ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ქვეყანაში ეკოლოგიური სტანდარტი დაცული იყოს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი გახარიამ პარლამენტში, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებთან შეხვედრისას, კითხვა-პასუხის რეჟიმში განაცხადა.
გახარიას თქმით, ეკოლოგიური სტანდარტი სულ უფრო და უფრო აქტუალურია როგორც ჩვენთვის, ისე ევროპული სივრცისთვის.
„ეს ის სტანდარტია, რომელიც სულ უფრო და უფრო აქტუალურია როგორც ჩვენთვის, ისე ევროპული სივრცისთვის. არ მგონია, და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენ არ დავდგეთ არჩევანის წინაშე – ეკონომიკური განვითარება, სოციალური ფაქტორები, თუ გარემოს დაცვის სტანდარტები, რამეთუ ყველას კარგად გვესმის, რომ საბოლოო ჯამში, საშუალოვადიან პერსპექტივაში ეს მაინც უკან დაგვიბრუნდება. პირდაპირი ზემოქმედება ექნება როგორც ეკონომიკურ, ისე სოციალურ განზომილებაზე. ამიტომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეკოლოგიური სტანდარტების ხარჯზე არც ეკონომიკური განვითარების სტიმულირება მოვახდინოთ და არც სოციალური განზომილების ჭრილში რაღაც ბენეფიტები მივიღოთ, ამას გპირდებით, აქ არის მთავრობა და ნახავთ, როგორ შეასრულებენ,“- განაცხადა გიორგი გახარიამ.