გიორგი გახარია - ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ უცხოეთში მიღებული გამოცდილება ქვეყანას მოახმაროთ
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ „კოვიდ-19“-ის პანდემიის პერიოდში სახელმწიფოს ორგანიზებით საქართველოში დაბრუნებულ მოქალაქეებთან შეხვედრაზე განსაკუთრებით გაამახვილა ყურადღება ახალგაზრდებზე, რომლებიც ამერიკიდან ჩომოიყვანეს.
მისი თქმით, საქართველოს დღეს ყველაზე მეტად განათლებული ახალი თაობა სჭირდება და ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ უცხოეთში მიღებული გამოცდილება ქვეყანას მოახმარონ.
„ფაქტობრივად, იყო დაგეგმილი სპეციალური ღონისძიება აშშ-ის მთავრობასთან ერთად. ჩვენს მეზობლებსაც მივეხმარეთ და ახლა დარწმუნებული ვართ, ამ ახალგაზრდებსაც, რომლებიც იქ განათლებას იღებდნენ, ერთი სული აქვთ, როდის დამთავრდება ეს ყველაფერი და ასევე დაგაბრუნებთ უკან, რადგან უნდა მიიღოთ კარგი განათლება და დაბრუნდეთ ქვეყანაში.
ამ ქვეყანას ყველაზე მეტად სჭირდება განათლებული ახალი თაობა. ამ ქვეყნის ყველა სფეროს სჭირდება ახალი ელიტები ყველგან – კულტურაში, ეკონომიკაში, განათლებაში, სპორტში, ყველგან აბსოლუტურად და ეს ხართ თქვენ.
ამიტომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა მოზრდილი თაობა შევინარჩუნოთ, რომ ის გამოცდილება, რაც იქ მიიღეს, მოახმარონ ქვეყანას და ახალგაზრდები გაგიშვათ ისევ უკან, რომ მიიღოთ კარგი განათლება და რაც შეიძლება სწრაფად დაგვიბრუნდეთ.
ეს არის ჩვენი ძირითადი ამოცანა, მაგრამ არავის უნდა გვეგონოს, რომ ჩვენ რაღაც დავასრულეთ, ან ბრძოლა დასრულებულია, გამარჯვებას მივაღწიეთ. მარტივია ეს ყველაფერი – რაც უფრო მოვადუნებთ ყურადღებას, მით სწრაფად გავრცელდება ვირუსი. ეს ყველას უნდა გვესმოდეს“,- განაცხადა გახარიამ.