გიორგი გახარია - ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ადამიანური კაპიტალის განვითარება მოხდეს მაქსიმალურად ეფექტურად, ამისთვის პირველ რიგში აუცილებელია ხარისხიან განათლებაზე წვდომა
ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ადამიანური კაპიტალის განვითარება მოხდეს მაქსიმალურად ეფექტურად, რომ საქართველოს მოქალაქე იყოს კონკურენტუნარიანი ევროატლანტიკურ განზომილებაში, ამისათვის, პირველ რიგში აუცილებელია ხარისხიან განათლებაზე წვდომა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებთან შეხვედრისას, დეპუტატ ირაკლი ბერაიას კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიულ დოკუმენტს შეეხებოდა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველო, როგორც გარდამავალი დემოკრატია, როგორც გარდამავალი ეკონომიკა, შემდგომი არა მხოლოდ ოთხი წლის, არამედ შეიძლება ორი საარჩევნო ციკლის პირობებშიც, მუდმივი რეფორმირების პროცესში იქნება.
„დღეს კრიზისში, გლობალურ კრიზისში, განსაკუთრებით აშკარად ჩანს, რომ საქართველო, როგორც გარდამავალი დემოკრატია, როგორც გარდამავალი ეკონომიკა, შემდგომი არა მხოლოდ ოთხი წლის, არამედ შეიძლება ორი საარჩევნო ციკლის პირობებშიც, მუდმივი რეფორმირების პროცესში იქნება. ამ რეფორმირების პროცესის ძირითადი მიზანი გახლავთ ის, რომ ქვეყანა უფრო ახლოს მივიყვანოთ და დავაახლოვოთ იმ ევროატლანტიკურ სტანდარტებს, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ შევძლოთ იმ განაცხადის გაკეთება, რომელიც არის ჩვენი მიზანი. განათლება არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სფერო ამ რეფორმირებისა, რამეთუ მოიცავს ბევრ მიმართულებას და პირდაპირ ზეგავლენას ახდენს მაგალითად: ეკონომიკურ განვითარებაზე. როგორც თქვენ ბრძანეთ – როგორ შეიძლება ცოდნაზე დამყარებულ ეკონომიკაზე საუბარი, თუ განათლების სისტემა არ არის მზად, რომ ამ გამოწვევებს უპასუხოს? მარტივი ამოცანაა-ყველას კარგად გვესმის, რომ საქართველო სამწუხაროდ ჯერ კიდევ არის ეკონომიკურად საკმაოდ სუსტი ქვეყანა. ჩვენ მიუხედავად იმისა, რომ სრულად ვიაზრებთ სახელმწიფოს სოციალურ პასუხისმგებლობას-ვიზრუნოთ პირველ რიგში იმ ადამიანებზე, რომელსაც ეს ჭირდებათ-ჩვენს სოციალურად დაუცველებზე, მეორეს მხრივ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენ სხვა მოქალაქეებს შევუქმნათ ყველანაირი პირობა, რომ ადამიანური კაპიტალის განვითარება მოხდეს მაქსიმალურად ეფექტურად, რომ საქართველოს მოქალაქე და ჩვენი ადამიანური კაპიტალი იყოს კონკურენტუნარიანი იმ განზომილებაში, რომლისკენაც მივისწრაფით, ვგულისხმობ ევროატლანტიკურ განზომილებას.
ამისათვის, პირველ რიგში აუცილებელია ხარისხიან განათლებაზე წვდომა. როდესაც ხარისხიანი განათლების რეფორმაზე ვსაუბრობთ, გვესმის რომ ეს არ არის არც ორ და არც სამ წლიანი რეფორმა. ეს არის უკიდურესად გრძელვადიანი რეფორმა, რომლის პირველ ხელშესახებ შედეგებსაც ჩვენ ვნახავთ დაახლოებით სამი-ხუთი წლის შემდეგ. განათლების რეფორმის ძირითადი მიმართულებებზე მე კონცეპტუალურად ვსაუბრობ, დარწმუნებული ვარ მინისტრი ამაზე ისაუბრებდა დეტალურად. საშუალო განათლება არის ფუნდამენტი, სადაც რეფორმირებისა და მთავრობის ზემოქმედება არის უკიდურესად მნიშვნელოვანი, დაწყებული მასწავლებლიდან დამთავრებული ინფრასტრუქტურით, გარემოთი, სივრცით, საგანმანათლებლო ტექნოლოგიებით და ა.შ. შემდგომ, რა თქმა უნდა პროფესიული განათლება – აქ ჩვენ უნდა გავხსნათ კარი და მაქსიმალურად გამოვიყენოთ ჩვენი პარტნიორების გამოცდილება, პირველ რიგში ვგულისხმობ ევროპელი პარტნიორების გამოცდილებას და ძირითადი მიზანი მარტივი უნდა იყოს-ბაზრის მოთხოვნისა და პროფესიული განათლების სისტემის მიწოდების მაქსიმალური თანხვედრა“,- განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა უმაღლესი განათლების მიმართულებაზეც და აღნიშნა, რომ საჭიროა ჩვენი უმაღლესი საგანმანათლებლო სისტემის ინტეგრირება ევროპული უმაღლესი განათლების სისტემასთან და ამის შესანიშნავი მაგალითია ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი.
„რაც შეეხება უმაღლესი განათლების ნაწილს, უმაღლეს განათლებაში მაქსიმალურად უნდა მოვახერხოთ ჩვენი უმაღლესი საგანმანათლებლო სისტემის ინტეგრირება ევროპული უმაღლესი განათლების სისტემასთან. ეს, პირველ რიგში რესურსების ეკონომიისა და სწრაფი შედეგების მიღწევის შესაძლებლობას მოგვცემს. ამის შესანიშნავი მაგალითია ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი – მსგავსი მეთოდებით უმაღლესი განათლების დაახლოება და ინტეგრირება და ეს უნდა იყოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი განზომილება და სფერო ჩვენი მოლაპარაკებების ევროკავშირთან, რათა ეს საგანმანათლებლო სივრცე მაქსიმალურად გავხსნათ საქართველოს მოქალაქეებისთვის, ისევე როგორც პირიქით-ინტეგრირების საშუალებით უნდა მოვახდინოთ სტანდარტების მაქსიმალურად სწრაფად დაახლოება. ყველა ნორმალურ ადამიანს ესმის, რომ უმაღლეს განათლების სისტემა არის უკიდურესად ძვირი განზომილება, რომელსაც ასევე სჭირდება წლები, რომ სტანდარტების დონეზე აუცილებელი პირობები დააკმაყოფილოს; ან რა თქმა უნდა ისეთი უაღრესად დიდი ინვესტიციები, როგორიც დღეს ხორციელდება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში“, – განაცხადა პრემიერმა.