გიორგი გახარია - ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა მშენებლობა და ამ ქვეყნის შენება გაგრძელდეს, შენება არ უნდა შეჩერდეს არც ერთ წამით
ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა მშენებლობა და ამ ქვეყნის შენება გაგრძელდეს, შენება არ უნდა შეჩერდეს არც ერთ წამით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.
როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, დღეს წარადგენს მეოთხე ანტიკრიზისულ გეგმას, რომელიც ეხება მშენებლობასა და დეველოპმენტს.
„პირველი ანტიკრიზისული გეგმა გახლდათ მიმართული ტურიზმის სექტორის მხარდასაჭერად და ეს აბსოლუტურად ლოგიკური იყო. მეორე გეგმა იყო სოფლის მეურნეობის მიმართულებით და ეს იყო ზრუნვა ფერმერზე, გლეხზე. მესამე იყო განათლება. დღეს ჩვენ ვსაუბრობთ მეოთხე ანტიკრიზისულ გეგმაზე, რომელიც ეხება მშენებლობასა და დეველოპმენტს. რამდენჯერმე გაისმა კითხვა, რატომ მშენებლობა, რატომ დეველოპმენტი. მარტივია პასუხი – რადგან მშენებლობა, დეველოპმენტი კრიზისამდე შეადგენდა ჩვენი შიდა პროდუქტის 9 პროცენტს, იყო ყველაზე სწრაფად მზარდი სექტორი. გარდა იმისა, რომ ამ სექტორში სრულად დასაქმებულია 120 ათასი ადამიანი პირდაპირ, ირიბად დაახლოებით ერთი ამდენი ადამიანია კიდევ დასაქმებული“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
მისივე თქმით, მშენებლობისა და დეველოპმენტის ეფექტი არის უაღრესად დიდი, მასზეა დამოკიდებული ისეთი წარმოებები, როგორიც არის სამშენებლო მასალების, ავეჯის წარმოება, სარემონტო სამუშაოები, სხვადასხვა სახით ტექნიკებით ვაჭრობა.
„ეს არ ნიშნავს მხოლოდ სამშენებლო და დეველოპერი კომპანიების დახმარებას, ეს ნიშნავს ჩვენი მოქალაქეების დახმარებას. სიმბოლურია, ჩვენ ამ პროგრამას წარვადგენთ ამ შენობაში, რომლის მშენებლობაც დაიწყო 2008 წლამდე და კრიზისის შემდგომ, ეს სექტორი იყო მიგდებული. ერთეული კომპანიები არიან, რომლებიც საერთოდ გადარჩნენ, გადაიარეს და გაუძლეს მაშინდელ კრიზისს. სამშენებლო კომპანიების გარდა, ჩვენი მოქალაქეების იყვნენ მიგდებული, რომლებსაც იმედი ჰქონდათ, რომ ბინას იშენებდნენ და საცხოვრებელ პირობებს გაიუმჯობესებდნენ. ეს იყო ათასობით ადამიანი. მთავრობა, ჩვენ 2012 წლის შემდგომ წლების განმავლობაში ვცდილობდით ამ პრობლემის მოგვარებას. ყველას გახსოვთ, პირველი პროგრამა, რომელიც იყო 2008 წლამდე გაცემული სამშენებლო ნებართვებისთვის დღგ-ს შეღავათს ეხებოდა, მაშინ რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი გაცოცხლდა. შემდეგ მერიას ჰქონდა პროგრამები 2013 წლამდე გაცემულ ნებართვებთან დაკავშირებით. აქ ათასობით ადამიანმა შეძლო საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება. სამშენებლო კომპანიებს მიეცათ შესაძლებლობა, რომ გაცოცხლებულიყვნენ და გაეგრძელებინათ მუშაობა. ეს კონკრეტული პროექტი რომელიც დაიწყო 2008 წლამდე ვერ განხორციელდებოდა, რომ არ ყოფილიყო „ქართუ“ ფონდის დახმარება. ეს არის იმის დამადასტურებელი ფაქტი, რომ შენება უნდა გაგრძელდეს. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა მშენებლობა, ამ ქვეყნის შენება გაგრძელდეს. საბოლოო ჯამში, შენება არ უნდა შეჩერდეს არც ერთ წამით“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.