გიორგი გახარია - ყველაფერი, რაც ამ ღონისძიების დროს მოხდა, არის ჩემი პასუხისმგებლობა, მისი დაწყებიდან დასრულებამდე და ამას არ გავურბივარ
ყველაფერი, რაც ამ ღონისძიების დროს მოხდა, არის ჩემი პასუხისმგებლობა, მისი დაწყებიდან დასრულებამდე და ამას მე არ გავურბივარ, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს 20 ივნისის ღამეს განვითარებული მოვლენების შეფასებისას აღნიშნა.
როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, ის ასევე პასუხისმგებელია ყველაფერზე, რაც დღეს საზოგადოებაში ხდება.
„ასევე ჩემი პასუხისმგებლობაა, რომ ყველაფერი, რაც დღეს ჩვენ საზოგადოებაში ხდება და როდესაც სახალხო სასამართლოს ვუწყობთ ცალკეულ ადამიანებს, მათ შორის პოლიციელებს, მაშინ როდესაც სამართლებრივი პროცედურები ჯერ არ დაწყებულა, ესეც ჩემი პასუხისმგებლობაა. ეს ადამიანები, იცავდნენ სახელმწიფო ინსტიტუტს, რომლებიც პასუხისმგებლობიდან გამომდინარე იცავდნენ სამოქალქო სიმშვიდეს, იძულებული გახდნენ, გამოეყენებინათ ლეგიტიმური ძალა, ეს ადამიანები უნდა იყვნენ შეფასებული საზოგადოების მხრიდანაც“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.