გიორგი გახარია -  ყველაფერი მშვიდად მიდის, მაგრამ ზოგიერთი პარტიის ლიდერი ძალიან შორიდან იმუქრება, თან ძალიან სასაცილოდ
გიორგი გახარია -  ყველაფერი მშვიდად მიდის, მაგრამ ზოგიერთი პარტიის ლიდერი ძალიან შორიდან იმუქრება, თან ძალიან სასაცილოდ

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ამბობს, რომ ზუგდიდში სპეციალური დანიშნულების რაზმი მობილიზებული არ არის.

ამის შესახებ გახარიამ ჟურნალისტებს სენაკში განუცხადა შესაბამის კითხვაზე პასუხად.

„ეს არ არის სპეცრაზმი. ეს განსაკუთრებულ დავალებთა დეპარტამენტია, რომლის ძირითადი მიზანია მართლწესრიგის დაცვა. ეს მათი აღჭურვილობაა, სადაც არ უნდა გადაადგილდნენ მშვიდობიან პირობებშიც და, როდესაც არ არის დიდი ემოციები და დიდი რაოდენობის ადამიანების კონცენტრაცია ერთ პატარა ქალაქში არჩევნებისთვის. ასე მოძრაობს ეს ხალხი, ეს მათი უფლებაა“, – განაცხადა შს მინისტრმა.

ამასთან, გახარიას შეფასებით, პროცესი წყნარად და მშვიდად მიმდინარეობს.

„ყველაფერი წყნარად და მშვიდად მიდის, მაგრამ ზოგიერთი პარტიის ლიდერი ძალიან შორიდან იმუქრება და თან ძალიან სასაცილოდ.  ჩვენ გვაშინებს და გვაღელვებს ჩვენი მოქალაქებიისა და ზუგდიდელების უსაფრთხოება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ამასთან, შინაგან საქმეთა მინისტრმა „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტს მიმართა.

„რაც დღეს გააკეთეთ, როდესაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს თავს დაესხით და პოლიციელები მოთმინებით გიყურებდნენ, ამას შეიძლება, შესაბამისი სამართლებრივი შედეგები და შეფასებები მოჰყვეს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.