გიორგი გახარია - ყველაფერი იქნება კარგად, საქართველოში შემოვა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ვაქცინა
საქართველოში უახლოეს პერიოდში იქნება ხარისხიანი და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ვაქცინა, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს კითხვაზე, „რატომ არ არის ამ დრომდე განსაზღვრული ვაქცინის რაოდენობა და დრო, როდის შემოვა ქვეყანაში, რადგან ოპონენტები ხშირად ამბობენ, რომ მთავრობა ვერ უმკლავდება ამ გამოწვევას“.
მისი თქმით, ვაქცინების მოწოდება უახლოეს კვირებში დაიწყება.
„ოპონენტებისგან ძალიან კარგად მახსოვს, ჯერ ტესტირებაზე იყო იგივე მიდგომა. ყველაფერი იქნება კარგად. საქართველოში იქნება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ვაქცინა. ვაქცინების მოწოდება დაიწყება უახლოეს კვირებში. აცრის პროცესიც დაიწყება მიზნობრივი ჯგუფებიდან, იმ ეროვნული გეგმის მიხედვით, რომელიც დამტკიცებულია მთავრობის მიერ. ჩვენი მთავარი მიზანი გახლავთ ის, რომ წლის ბოლომდე საქართველოში მოსახლეობის სულ მცირე 60 პროცენტი იყოს აცრილი. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ვაქცინაციის პროცესს ჯანმრთელობასთან ერთად აქვს უაღრესად დიდი ეკონომიკური მნიშვნელობა. ამიტომ, ყველაზე სწორი ნაბიჯი არის, რომ ჩვენ ეფექტიანი თანამშრომლობით, როგორც საერთაშორისო პლატფორმებზე, მოგეხსენებათ, „კოვაქს“ პლატფორმის წევრები ვართ, ასევე ორმხრივი პირდაპირი ურთიერთობებისა და მოლაპარაკებების შედეგად საქართველოში უახლოეს პერიოდში იქნება ხარისხიანი და ჯანმო-ს ავტორიზებული ვაქცინა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.