წალკის მიწა უაღრესად მშრომელი, ვაჟკაცი ხალხის მიწაა და რაც მთავარია, ის მრავალეროვნება, რომელიც წალკას ახასიათებს, ჩვენი სიძლიერის ყველაზე დიდი მაგალითია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ წალკაში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გოგი მეშველიანის წარდგენაზე განაცხადა.
როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, „ქართული ოცნების“ გუნდის ყურადღების ცენტრში ყოველთვის იქნება ადამიანი.
„ჩვენს მრავალფეროვნებაში ყოველთვის იყო საქართველოს სიძლიერე და ყოველთვის ასე იქნება. ეს ის ხალხია, რომელმაც შრომაც მაგარი იცის და ბრძოლაც. ამ ქვეყნისთვის, სამწუხაროდ, აგვისტო ბოლო წლების განმავლობაში მძიმე თვე გახდა და დღეს ჩვენ, ყველამ ერთად, აუცილებლად უნდა გავიხსენოთ და ქედი მოვიხაროთ საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის ხსოვნის წინაშე, რომლის დაბადების დღეა დღეს. ეს ის ადამიანია, რომელმაც საქართველოს თითოეულ მოქალაქეს აჩვენა გმირობის უმაღლესი ხარისხი, თავდადების, სიცოცხლის, თავგანწირვის უმაღლესი მაგალითი და ჩვენი მოვალეობაა, ვალდებულები ვართ, ისე გავაგრძელოთ ცხოვრება და შრომა, რომ ასეთი თავგანწირვა არც ერთ ქართველს, საქართველოს არც ერთ მოქალაქეს მომავალში არ დასჭირდეს და ჩვენ ისე გავამთლიანოთ და აღვადგინოთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, რომ მოგვიწიოს მხოლოდ შრომა, ეს არის ჩვენი ყველაზე დიდი მიზანი.
მოგეხსენებათ, ეს მიწა იმდენად მადლიანია, რომ შეუძლებელია, წალკაში არ ისაუბრო სოფლის მეურნეობაზე. შეუძლებელია, წალკაში ძირითადად არ ისაუბრო, რომ ქართველი გლეხი უნდა იყოს ძლიერი ფერმერი. შეუძლებელია არ ისაუბრო, რომ სახელმწიფო ბევრს აკეთებს, რათა ქართველ ფერმერს დაეხმაროს, ეს არ არის საკმარისი და კიდევ უფრო მეტი გვაქვს გასაკეთებელი. გვაქვს სხვადასხვა პროგრამები, რომლებითაც ჩვენ ხშირად სამართლიანად ვამაყობთ – „აწარმოე საქართველოში“, „დანერგე მომავალი“, „აგროკრედიტი“ და ბევრი რამ, მაგრამ ეს საკმარისი არ არის“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
მისივე თქმით, წალკა არის ეს ის კუთხეა, რომელიც აწარმოებს ქვეყანაში ერთ-ერთ საუკეთესო პროდუქციას, არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ექსპორტისთვის.
„შესაბამისი სამინისტროების და ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან სულ უფრო და უფრო მეტი ყურადღება უნდა იყოს ამ კუთხეში. ყველაფრის მიუხედავად, ყოველთვის, „ქართული ოცნების“ გუნდის ყურადღების ცენტრში ყოველთვის იქნება ადამიანი. ადამიანი, რომლის მსახურებაც საქართველოს სახელმწიფოსთვის უნდა იყოს ძირითადი მიზანი. ჩვენს ბავშვებს უნდა ჰქონდეს ძლიერი განათლების სისტემა და ამიტომ, ჩვენ კიდევ უფრო გავაძლიერებთ განათლების სისტემის რეფორმირების სისწრაფეს. თუმცა, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ განათლების რეფორმას დასჭირდება წლები. ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ ჩვენს ღვაწლმოსილ მოხუცებზე, რადგან ესენი არიან ადამიანები, რომლებმაც შრომით წლები შესწირეს ჩვენს ქვეყანას და მათ უნდა შეეძლოთ, ღირსეულად იცხოვრონ და გაატარონ თავიანთი მოხუცებულობა, ჰქონდეთ შესაბამისი ჯანდაცვის სისტემა. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველას ერთად უნდა გვქონდეს სამართლიანი პირობები, რათა ვიშრომოთ ისე, რომ ღირსეულად ვარჩინოთ ჩვენი ოჯახები. რატომ მინდა, რომ დღეს ცოტა უფრო მეტი ვისაუბრო სოფლის მეურნეობაზე – ჩვენ ხომ ჯერ კიდევ ღარიბი ეკონომიკის შვილები ვართ. ჩვენ ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს საშრომი, რათა ქვეყნის ეკონომიკა გახდეს ძლიერი“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
მისივე თქმით, სახელმწიფო ქართველ გლეხს ეხმარება, რათა გამბედაობა მოიკრიბოს, რაღაც რისკები თავის თავზე აიღოს და დამოუკიდებელ ცხოვრებაში თავისი პატარა ბიზნესის კეთება დაიწყოს მარტო, რათა იგრძნოს პირველი ნაბიჯების გადადგმის და დამოუკიდებელ ცურვაში წასვლის პასუხისმგებლობა.
„სახელმწიფო ეხმარება სხვადასხვა პროგრამებით, შედარებით იაფი სესხით და ასე შემდგომ. ეს ის ხალხია, რომლებიც ხვალ და ზეგ უნდა გახდნენ წარმატებულები. გარდა თავის ოჯახზე ზრუნვისა მან, უნდა დაასაქმოს თავისი მეზობელი, მეგობარი და ასე უნდა გახდეს ძლიერი რეგიონი, რაც ძლიერი ქვეყნის საფუძველია. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ინფრასტრუქტურულად ჩვენ ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი, რადგან ჩვენი ქვეყნის სისტემური ინფრასტრუქტურის განახლებას კიდევ წლები სჭირდება. ჩვენ ყველანი ვხედავთ, რამდენს ვაკეთებთ გზების რეაბილიტაციისთვის, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. კიდევ ბევრი წელი იქნება სამუშაო, რათა ქვეყანაში საბოლოოდ, მაგისტრალური, საქალაქთაშორისო და სოფლის გზები წესრიგში მოვიყვანოთ. რამდენს ვაკეთებთ და დავიწყეთ კეთება წყალმომარაგების და წყალარინების ნაწილში, თუმცა ეს პირველი ნაბიჯებია და ქვეყნის მასშტაბით წყალმომარაგების ნაწილში სისტემური პრობლემა გვაქვს. რამდენი კეთდება საირიგაციო სისტემების წესრიგში მოსაყვანად და კიდევ იქნება გასაკეთებელი. სკოლების ინფრასტრუქტურამ რათა ჩვენმა შვილებმა ნორმალურად ისწავლონ. ყველანი კარგად ვხედავთ, რომ ბევრი ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი საქმეა დაწყებული და ეს არჩევანი უნდა იყოს ის არჩევანი, რომელმაც უნდა მოგვცეს შესაძლებლობა, ეს საქმეები გავაგრძელოთ და მივიყვანოთ ლოგიკურ დასასრულამდე. სწორედ ამიტომ, ეს არჩევანი იქნება არა მხოლოდ წალკის, არამედ მთელი ქვეყნის გამარჯვება. ეს არჩევანი იქნება ის არჩევანი, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, ერთად გავაგრძელოთ შრომა, რათა ჩვენი დღევანდელი დღე იყოს უკეთესი, ვიდრე იყო გუშინდელი და ხვალინდელი დღე იყოს ბევრად უფრო უკეთესი. ამისთვის, დარწმუნებული ვარ, მაჟორიტარობის კანდიდატი, რომელსაც წარმოგიდგენთ – გოგი მეშველიანი, იქნება წალკის მუნიციპალიტეტის უაღრესად მნიშვნელოვანი და კარგი ხმა საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში და დარწმუნებული ვარ, ყველანი ერთად, რაც მთავარია თანაბარ ბრძოლაში გავიმარჯვებთ და ეს იქნება საქართველოს გამარჯვება. გამარჯვებას გისურვებთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.