გიორგი გახარია - ყველა უწყებას, მათ შორის კერძო სტრუქტურებსაც, ეძლევათ რეკომენდაცია, გადავიდნენ დისტანციური შრომის პირობებზე
საქართველოს მთავრობას და საქართველოს ყველა უწყებას ეძლევა რეკომენდაცია, მაქსიმალურად, შესაძლებლობების ფარგლებში გადავიდნენ დისტანციური შრომის პირობებზე და თითოეული თანამშრომელი, რომლის ადგილზე ყოფნა არ არის აუცილებელი, იყოს დისტანციურ რეჟიმში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, მსგავსი რეკომენდაცია ეძლევათ ყველა კერძო სტრუქტურას და ყველა კერძო ორგანოს.
„უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამ ნაბიჯმა ხელი არ უნდა შეუშალოს მთავრობისა და სახელმწიფო ორგანოების ეფექტურ მუშაობას“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.
მისივე თქმით, თითოეულ საქართველოს მოქალაქეს ეძლევა რეკომენდაცია, რამდენიმე თვით თავი შეიკავონ უცხო ქვეყნებში მოგზაურობისგან.
„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რეკომენდაცია და იმედი გვაქვს, რომ ჩვენი მოქალაქეები სამოქალაქო პასუხისმგებლობის პოზიციიდან გამომდინარე, გაითვალისწინებენ ამას. ერთ-ერთი გამოწვევა, რომელსაც საკოორდინაციო საბჭო წააწყდა, გახლავთ თვითიზოლაციის რეჟიმის დაცვა. ყველას კარგად გვესმის, რომ ადამიანები, რომლებიც პოტენციურად შესაძლოა იყვნენ ვირუსის მატარებლები, მათ აქვთ გარკვეული ვალდებულება ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების წინაშე. თვითიზოლაციის რეჟიმის დაცვა არის ჩვენი სამოქალაქო პასუხისმგებლობის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი დღეს. მოვუწოდებთ მოქალაქეებს, რომლებიც იმყოფებიან დღეს თვითიზოლაციის რეჟიმში, მკაცრად დაიცვან ეს პირობები. ასევე ვავალებთ შსს-ს, სრულ კოორდინაციაში ჯანდაცვის სამინისტროსთან, უზრუნველყონ თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების ზუსტი და შესაბამისი წესების აღსრულება, რომელიც განსაზღვრულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.