გიორგი გახარია - ყველა შეღავათი ეფექტური იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თითოეული მოქალაქე პასუხისმგებლობით მოეკიდება ყოველდღიურ ცხოვრებასა და საქმიანობას
ყველას კარგად გვესმის, რომ ვიბრძვით ორ ფრონტზე, ისიც კარგად გვესმის, რომ დროთა განმავლობაში, ყოველდღიურად, მეორე ფრონტი, ეკონომიკური აღორძინებისა და აღდგენის საკითხი გადმოდის პირველ რიგებში, ეს საკითხი ხდება სულ უფრო აქტუალური, პრობლემური, მისი მოგვარება აღარ უნდა გადაიდოს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, ყველა რეკომენდაცია, როგორც ყოველდღიურ ცხოვრებაში, ასევე კომპანიების საქმიანობაში, თუ არ შესრულდა, ეკონომიკის აღდგენაზე გაჭირდება საუბარი.
„დღეს ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეკონომიკის ექვსეტაპიანი გახსნის გეგმა ცოტა უფრო ადრე დავიწყოთ. მიუხედავად ამისა, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ყველა შეღავათი ეფექტური იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თითოეული კომპანია, თითოეული მოქალაქე პასუხისმგებლიანად მოეკიდება ყოველდღიურ ცხოვრებასაც და საქმიანობასაც. ამ შემთხვევაში ჩვენ შეგვეძლება, ვიყოთ ეკონომიკის გახსნაში, ეკონომიკის აღორძინებაში ეფექტურები, გავუძლოთ გლობალურ კონკურენციას, რომელიც ჩვენ თვალწინ დაიწყო, როგორც მეზობელ ქვეყნებში, ასევე ევროპაში“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
მისივე თქმით, 5 მაისიდან მუშაობის გაგრძელებას შეძლებენ სამშენებლო სექტორში მომუშავე კომპანიები და ყველა ის კომპანია, რომელიც სამშენებლო მასალებს აწარმოებს.
„აქვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველა კომპანია, რომელიც სხვადასხვა სახით არის დაკავშირებული სამშენებლო ბიზნესთან, შეძლებს მუშაობის განახლებას ხვალიდან, 5 მაისიდან. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ შემოწმებები, რომელსაც ახორციელებს სპეციალური გუნდი, გააგრძელებს ყოველდღიურ შემოწმებას. მინდა, თითოეული კომპანიის მფლობელსა და ხელმძღვანელობას მოვუწოდო, პასუხისმგებლიანად მოეპყრონ ყოველდღიურ საქმიანობას და ვალდებულებებს, რომლებიც დაწესებულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ“, – განაცხდა გიორგი გახარიამ.