გიორგი გახარია - ყველა სახის ონლაინვაჭრობა, ისევე, როგორც მიტანის ნებისმიერი სერვისი, ორშაბათიდან სრულად გაიხსნება
გიორგი გახარია - ყველა სახის ონლაინვაჭრობა, ისევე, როგორც მიტანის ნებისმიერი სერვისი, ორშაბათიდან სრულად გაიხსნება

ყველა სახის ონლაინვაჭრობა და სერვისი გახსნილია ყველა იმ კომპანიისთვის, რომელმაც ელემენტარული შემოწმება გაირა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ დღეს ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, შემოწმება ბევრმა კომპანიამ გაიარა.

„ბევრია კომპანია, რომლებმაც ეს შემოწმებები გაიარეს. ამისთვის ეკონომიკის სამინისტრო არის ღია და მზად. შესაბამისად, როგორც კი მიმართავენ და ამ შემოწმებას გაივლიან, არანაირი პრობლემა არ იქნება. ამიტომ განვაცხადეთ ჩვენ დღეს, რომ ონლაინვაჭრობა ყველა სახის, ისევე როგორც მიტანის ნებისმიერი სერვისი, სრულად გაიხსნება ორშაბათიდან. ჩვენ კარგად გვესმის რამხელა დისკომფორტის მომტანი იყო ეს შეზღუდვა, პირველ რიგში, ჩვენი მოქალაქეებისთვის და შემდგომ ამ მცირე კომპანიებისთვისაც“, – განაცხადა პრემიერმა.

ამასთან, ის მოქალაქეებს მოუწოდებს, ფხიზლად იყვნენ და ჰქონდეთ რეაქცია იმაზე, თუ ვინმე არაკეთილსინდისიერად ასრულებს თავის ფუნქციას.

„მინდა, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს მოვუწოდო, რომ უნდა ვიყოთ ძალიან ფხიზლად. ჩვენ თუ არ გვექნა რეაქცია და თუ არ გამოვიჩინეთ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, როდესაც ვხედავთ, რომ ვიღაც არაკეთილსინდისიერად ასრულებს თავის ფუნქციას, თუნდაც კურიერი, მძღოლი, ამაზე ყველაფერზე უნდა გვქონდეს რეაქცია. აქ არ არის მხოლოდ ჩვენს ჯანმრთელობაზე, არამედ, საერთოდ, საზოგადოების ჯანმრთელობაზეა საუბარი, ამიტომ ეს უნდა გავითვალისწინოთ“, – განაცხადა პრემიერმა.