გიორგი გახარია - ყველა ის შედარებითი წარმატება, რომელიც ჩვენ ვირუსთან ბრძოლაში გვაქვს, იქნება წყალში გადაყრილი, თუ შემდგომი ნაბიჯები არ იქნება ეფექტური და თანმიმდევრული​
გიორგი გახარია - ყველა ის შედარებითი წარმატება, რომელიც ჩვენ ვირუსთან ბრძოლაში გვაქვს, იქნება წყალში გადაყრილი, თუ შემდგომი ნაბიჯები არ იქნება ეფექტური და თანმიმდევრული​

თითოეული ლარი უნდა დავხარჯოთ და გამოვიყენოთ უკიდურესად ხელმომჭირნედ, რადგან ჩვენი ეკონომიკა არის საკმაოდ სუსტი და არავინ არ არის დღეს მზად, მოგვცეს ზუსტი პროგნოზი, დროის თვალსაზრისით, სად არის ამ კრიზისის, გამოწვევის, პანდემიის გადალახვის ზუსტი დრო, – ამის შესახებ საქართველოს პრენიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში, ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის პრეზენტაციის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ეპიდემიის დაწყების პირველივე დღიდან ის გავაკეთეთ, რომ თითოეულ მოქალაქეს დავეხმარეთ მინიმალური, აუცილებელი ფინანსური დახმარებით და ეს იყო კომუნალური გადასახადები, ელექტროენერგია, გაზი, წყალი. კომპანიებს იქ დავეხმარეთ, სადაც მათთვის საჭირო იყო ელემენტარული ჟანგბადი ჰქონოდათ, როგორც სესხების გადავადების თვალსაზრისით, ასევე პირდაპირი დარტყმის ქვეშ მქონე ტურისტული სექტორის თვალსაზრისით. ასევე ჩვენ ფიზიკურ პირებს მივეხმარეთ, სამთვიანი სესხის გადავადების კომპონენტში. ეს იყო ის დახმარება, რომელიც აძლევდა მოქალაქეს ამ შოკური დარტყმის შემდეგ უბრალოდ გარკვეულიყო, რა ხდებოდა და როგორ შეიცვალა მისი ყოველდღიური ცხოვრება. ეს ეხება სახელმწიფოს.

სახელმწიფოც ზუსტად ასეთ მდგომარეობაშიც გახლდათ. ამის შემდეგ, ჩვენ უკვე შეგვეძლო მეტ-ნაკლებად შეგვეფასებინა პრობლემის სირთულე და მისი მასშტაბი. აქტიური მუშაობა დავიწყეთ საერთაშორისო პარტნიორებთან და დონორებთან, რის შემდეგადაც შევძელით სამი მილიარდი ფინანსური რესურსის მოზიდვა. ამან საშუალება მოგვცა პასუხისმგებლიანად მივდგომოდით იმ სოციალური დახმარების მიზნობრივი დახმარების პორტფელს, რომელიც დღეს წარმოვადგინეთ არა პოპულისტურად, არა ფუჭი დაპირებების სახით, არამედ პასუხისმგებლიანად და აგვეღო ის ვალდებულებები, რისი შესრულებაც სახელმწიფოს ძალუძს.

კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ყველამ ვიცოდეთ, რომ ჩვენ, თითოეული ლარი უნდა დავხარჯოთ და გამოვიყენოთ უკიდურესად ხელმომჭირნედ, რადგან პირველი – ჩვენი ეკონომიკა არის საკმაოდ სუსტი, მეორე – არავინ არ არის დღეს მზად, მოგვცეს ზუსტი პროგნოზი დროის თვალსაზრისით, სად არის ამ კრიზისის, გამოწვევის, პანდემიის გადალახვის ზუსტი დრო“, – განაცხადა გახარიამ.

მთავრობის მეთაურმა განმარტება გააკეთა სოციალური დახმარების პაკეტებზე.

„ყველა ადამიანს, რომელმაც სამსახური დაკარგა, ჩვენ ვეხმარებით 1200 ლარის ოდენობით, ყველა ადამიანს, რომლის სოციალური ქულა არის – 65 ათასიდან 100 ათასს ქულამდე, ვეხმარებით 600 ლარის ოდენობით ექვსი თვის განმავლობაში, მრავალშვილიან ოჯახს 600 ლარის ოდენობით, შშმ პირებს ვეხმარებით 600 ლარის ოდენობით, ადამიანებს, რომლებიც ასევე არაფორმალურ სექტორში იყვნენ დასაქმებულები და მარტივად, ელემენტარულად შეძლებენ დასაბუთებას, რომ მათ დაკარგეს შემოსავალი ნებისმიერი სახით, რომელსაც სახელმწიფო გაითვალისწინებს, დავეხმარებით ერთჯერადი 300 ლარის ოდენობით.

დღეს ვიღებთ გადაწყვეტილებას და საკანონმდებლო დონეზე მივიღებთ ცვლილებას, რომ პენსია ყოველწლიურად იქნება გაზრდილი როგორც ინფლაციის, 70 წელს ზემოთ უკვე ეკონომიკური ზრდის 80 პროცენტის ნამატის თვალსაზრისით. ყველა ეს ნაბიჯი მიმართულია ადამიანზე ზრუნვისთვის.

რაც შეეხება მეწარმეს, სამუშაო ადგილებზე ზრუნვას, ის გადაწყვეტილებები მივიღეთ, რომლებიც ეფექტური იქნება დღეს და აქ, კრიზისში, იმისთვის, რომ კომპანიები გადარჩნენ და სამუშაო ადგილები გადაარჩინონ“, – განაცხადა გახარიამ.

მისივე თქმით, მთავრობას პოსტკრიზისული ეკონომიკური აღორძინების გეგმაზე მუშაობა მოქალაქეებთან ერთად მოუწევს.

„პოსტკრიზისული ეკონომიკური აღორძინების გეგმა, ეს არის ის, რაზეც მუშაობა ერთად მოგვიწევს და რაც პირდაპირ იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ ეკონომიკის გახსნის გეგმას როგორ შევასრულებთ ჩვენს მოქალაქეებთან ერთად.

ყველა ის შედარებითი წარმატება, რომელიც ჩვენ ვირუსთან ბრძოლაში გვაქვს, იქნება წყალში გადაყრილი, თუ შემდგომი ნაბიჯები არ იქნება ეფექტური და თანმიმდევრული, არ დავიცავთ  სოციალური დისტანციისა და მობილობის შემცირების წესებს, რომლებიც ჩვენს ცხოვრებაში ყოველ დღე უნდა გავითვალისწინოთ, ქვეყანას გაუჭირდება ეკონომიკურ აღდგენის ეტაპზე სწრაფად გადავიდეს, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია მომავალი გლობალური კონკურენციის თვალსაზრისით.

მინდა, ყველა ადამიანს, ვინც წინა ხაზზეა, მადლობა გადავუხადო და განსაკუთრებული მადლობა ყველა იმ მოქალაქეს გადავუხადო, რომელიც სახლში დარჩა და რაც არ უნდა რთული ყოფილიყო, ზედმიწევნით ასრულებდა იმ შეზღუდვებს, რომელიც აუცილებელი იყო თითოეული ჩვენი მოქალაქის ჯანმრთელობაზე, ჩვენი მოხუცებისა და მშობლების ჯანმრთელობაზე ზრუნვით და იმით, რომ ეკონომიკა აღვადგინოთ სწრაფად“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.