გიორგი გახარია - ყოველთვის ვამბობდი, რომ სააკაშვილის ადგილი ციხეშია
გიორგი გახარია - ყოველთვის ვამბობდი, რომ სააკაშვილის ადგილი ციხეშია

ყოველთვის ვამბობდი, რომ სააკაშვილის ადგილი ციხეშია, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

„ის გასამართლებულია ქართული სასამართლოს მიერ და მიშა სააკაშვილის ადგილი არის ციხეში. მეორე, მე ყოველთვის ხაზგასმით ვამბობდი, რომ თუ სააკაშვილი ოდესმე გაბედავდა საქართველოში დაბრუნებას, ეს ლოგიკურად, შეთანხმებული იქნებოდა „ოცნებასთან“, მას საქართველოში „ოცნება“ შემოიყვანდა და დააბრუნებდა. ესეც დადასტურდა და მე ახლა, უბრალოდ, იმედი მაქვს, არ გამართლდება ჩემი პროგნოზი, რომ „ოცნება“ მას ამნისტირებას გაუკეთებს ისევე, როგორც მაგალითად, ნიკა მელიას გაუკეთა“, – განაცხადა გახარიამ.

გახარიამ ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს მოქალაქეები იმას, რაც დღეს ქვეყანაში ხდება, არჩევნებზე შესაბამის შეფასებას მისცემენ.

„ქართველი კაცი არის ბრძენი, საქართველო არის ჩვენი, საქართველოს მოქალაქეების და როდესაც „ნაცები“ და „ოცნება“ ასეთ მასკარადს ერთად გვიწყობს, 1-ელ ოქტომბერს, სიმბოლურად, არჩევნებამდე სულ რამდენიმე საათით ადრე, რა თქმა უნდა, ბრძენი ქართველი კაცი ამას შესაბამის შეფასებას მისცემს არჩევნებზე და დარწმუნებული ვარ, აირჩევს მომავალს, წინსვლას და არა „ნაცების“ ცხრაწლიან და „ოცნების“ ცხრაწლიან წარსულში დაბრუნებას“, – განაცხადა გახარიამ.

პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა ასევე განაცხადა, რომ მისთვის აბსოლუტურად გასაგებია იმ პროცესის შინაარსი, რომელიც დღეს ქვეყანაში მიმდინარეობს.

„რა თქმა უნდა, ეს პირდაპირ არის დაკავშირებული ხვალინდელ არჩევნებთან; რა თქმა უნდა, „ოცნება“ ცდილობს, ძალაუფლება ნებისმიერი ფორმით შეინარჩუნოს, ხოლო „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, ნებისმიერი ფორმით შეინარჩუნოს ყველაზე დიდი ან პირველი ოპოზიციური ძალის სტატუსი. ეს არის ის საფუძველი, რაზეც, როგორც ჩანს, მათ შორის შედგა გარკვეული შეთანხმება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.