სახელმწიფოს პირდაპირი ფუნქცია და მოვალეობაა, თითოეულ ადამიანს შეუქმნას პირობები, რათა მან შეძლოს თვითრეალიზება, ეფექტურად არჩინოს თავისი ოჯახი, მომავალი თაობა და ამით, ჯერ ოჯახი გააძლიეროს, შემდგომ რეგიონი და საბოლოო ჯამში ქვეყანა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, თეთრწყაროში, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროს და წალკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ გოგი მეშველიანის წარდგენისას განაცხადა.
„დღეს უნდა ვისაუბროთ მხოლოდ მომავალზე და კონკრეტულ საქმეებზე, რაც გასაკეთებელი გვაქვს. ყველას კარგად გვესმის, რომ ბოლო წლების განმავლობაში, ბევრი კარგი, მნიშვნელოვანი წამოწყება და საქმე იყო დაწყებული, მაგრამ ეს ყველაფერი ბოლომდეა მისაყვანი და ეს ყველაფერი, ჩვენ ერთად უნდა გავაკეთოთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
მთავრობის მეთაურის თქმით, თეთრიწყარო მაგალითია იმისა, თუ რამხელა პოტენციალი შეიძლება ჰქონდეს ცალკეულ აღებულ მუნიციპალიტეტს განვითარებისთვის.
„ეს, გარდა იმისა, რომ ბარაქიანი მიწის მუნიციპალიტეტია, ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, უზარმაზარი კულტურული მემკვიდრეობისა და ისტორიის მატარებელი კუთხეა, რომელსაც უზარმაზარი ტურისტული განვითარების პოტენციალი აქვს. ყველამ უნდა ვიცოდეთ ერთი რამ, სახელმწიფოს პირდაპირი ფუნქცია და მოვალეობაა, თითოეულ ადამიანს შეუქმნას პირობები იმისთვის, რომ მან შეძლოს თვითრეალიზება, ეფექტურად არჩინოს თავისი ოჯახი, მომავალი თაობა და ამით, ჯერ ოჯახი გააძლიეროს, შემდგომ რეგიონი და საბოლოო ჯამში ქვეყანა. არ შემიძლია არ შევეხო იმ ახალ ინიციატივას, რომელიც ჩვენ გუშინ რაჭაში, ამბროლაურში დავაინიცირეთ და რომელსაც ჰქვია „სახელმწიფო შენი პარტნიორია“. სახელმწიფო მართლა თითოეული ქართველის პარტნიორია. რა დგას ამის უკან? მარტივი რამ. თბილისში, სხვადასხვა სამინისტრო, სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ეკონომიკის სამინისტრო, ტურიზმის სააგენტო, ბევრ კარგ ინიციატივებს სთავაზობენ ჩვენს მოქალაქეებს. სხვადასხვა დაფინანსებაა, კრედიტებია, სოფლის მეურნეობის დარგში ბევრი ინიციატივებია, რომლებიც ეხმარება გლეხს, რომ გახდეს ფერმერი, მოქალაქეს, რომ დაიწყოს საქმე და ბიზნესში შევიდეს, ეს რისკები აიღოს თავის თავზე. ზოგს ტურიზმში, ზოგს კი წარმოება უნდა. საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, ის, ვინც თბილისში არ ცხოვრობდა, უწევდა რეგიონიდან ჩამოსულიყო თბილისში, მისულიყო ერთ სამინისტროში, მერე მეორე სამინისტროში, გაეგო ინფორმაცია. დღეს ეს ყველაფერი ერთად არის თავმოყრილი და ჩვენ, ეს ყველაფერი მოვიტანეთ თქვენთან, საზოგადოებრივ ცენტრებში. არსად წასვლა არ გჭირდებათ. თეთრიწყაროს საზოგადოებრივ ცენტრში რომ მიდიხართ, იქ არის სრული ინფორმაცია, ყველაფერი, 20 პროგრამა, რომლითაც სახელმწიფო აფინანსებს, ეხმარება თითოეულ მოქალაქეს. ეს ყველაფერი ისეთ დონეზეა გაკეთებული, საზოგადოებრივ ცენტრში რომ შეხვალთ, პირდაპირ შეგიძლიათ ადამიანს დაუჯდეთ, მოგიყვებათ ყველაფერს, გაგაცნობთ მთელ პროგრამას, მოგცემთ მთელ ინსტრუქციას, როგორ უნდა ჩაერთოთ ამ პროგრამაში და ეს ყველაფერი იქამდე მივიყვანეთ, რომ კონტრაქტურად შეგიძლიათ ხელი მოაწეროთ და აქ გახდეთ ამ პროგრამის მონაწილე. რა თქმა უნდა, ამას ბევრი რამ უნდა, ცოტა ბანკი, ცოტა ცოდნა, მაგრამ ეს ყველაფერი იქნება ერთ სივრცეში. ტრეინინგებია საჭირო? ეს ყველაფერი იქნება იქ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, ადამიანები, სახელმწიფო სერვისებს, რასაც იღებენ თბილისში, ზუსტად იგივე უნდა მიიღონ თეთრწყაროში, დმანისში, ამბროლაურში, ჩხოროწყუში.
„რატომ კეთდება ეს? ეს კეთდება მარტივი მიზეზის გამო. არ შეიძლება იყოს გეოგრაფიული განსხვავება. ადამიანები, იგივე სახელმწიფო სერვისებს, რასაც იღებენ თბილისში, ზუსტად იგივე უნდა მიიღონ თეთრწყაროში, დმანისში, ამბროლაურში, ჩხოროწყუში, სადაც გინდათ, რადგან არ უნდა გვქონდეს ჩვენ ეს სხვაობა ისევე, როგორც არ უნდა იყოს სხვაობა, მაგალითად, განათლების სისტემაში. ბავშვი, რომელიც განათლებას იღებს თბილისში ან თეთრწყაროში ერთი და იგივე დონის ბავშვი უნდა იყოს. ქართველი ბავშვები ნიჭიერი ბავშვები არიან, ჯერ კიდევ სახელმწიფო ვერ ახერხებს ერთი და იგივე დონის განათლება მიაწოდოს რეგიონებში, ეს ძალიან ცუდია. სწორედ ამიტომ დავიწყეთ განათლების რეფორმა. სინამდვილეში მთავარი ჩვენი ამოცანა რა არის? მთავარი ამოცანაა ის, რომ სამართლიანობის განცდა შევქმნათ და თითოეულმა ადამიანმა იცოდეს, რომ სახელმწიფო მისი პარტნიორია, მტერი კი არ არის, ხელს კი არ უშლის, არამედ მისი პარტნიორია. სახელმწიფო ქმნის იმ გარემოს, რომ იმ ახალგაზრდას, რომელსაც შეუძლია, აქვს ინიციატივა, არ ეშინია, შეუძლია რისკი აიღოს თავის თავზე, გადადგას პირველი ნაბიჯი და გახდეს მეწარმე იმას უნდა მივეხმაროთ. იმას, ვინც გლეხია და უნდა გახდეს ფერმერი, იმასაც უნდა მივეხმაროთ და ამაში უნდა იყოს სახელმწიფოს ძირითადი ფუნქცია, თუმცა, ასევე სახელმწიფოს ძირითადი ფუნქცია უნდა იყოს იმაში, რასაც ჰქვია სისტემური ინფრასტრუქტურული მიმართულებები, როგორიცაა განათლების ინფრასტრუქტურა, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ის, რომ ჩვენი ნიჭიერი ბავშვები 21-ე საუკუნეში სხვა ქვეყნის შვილებთან ერთად იყვნენ კონკურენტუნარიანები. სისტემური ინფრასტრუქტურა ჰქვია იმასაც, რომ ჩვენი მოხუცებულები, პენსიონერები სოციალურად იმდენად დაცულები იყვნენ, რომ მათ ცხოვრებაში ბევრი არაფერი არ უნდა შეიცვალოს მას შემდეგ, რაც პენსიაზე გავლენ. ჩვენი გზები, წყალმომარაგება, გაზი, საბაზისო ინფრასტრუქტურა უნდა იყოს ისეთი, რომ ადამიანს არ უნდა ჰქონდეს დიდი სხვაობა თბილისში ცხოვრობს, თეთრწყაროში თუ სადღაც სხვაგან. რა თქმა უნდა, აქ, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ბოლო 30 წლის განმავლობაში ბევრი არაფერი არ გაკეთებულა, გზებიც ბევრი გვაქვს კიდევ გასაკეთებელი. თეთრიწყაროში, თბილისის გვერდზე გაზიფიცირების რამხელა პრობლემებია ყველამ კარგად იცით, მანგლისი აქვეა და გაზიფიცირება დაიწყო ამ ზაფხულს. სერიოზული პრობლემებია წყალმომარაგებაში, მაგრამ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ეს სისტემური ინფრასტრუქტურა მილიარდები ჯდება. ეს არ არის ის ინფრასტრუქტურა, რომელიც შეიძლება ერთ წელიწადში გაკეთდეს, თუმცა, რა თქმა უნდა, ყველა უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ თითოეული ჩვენგანი უნდა გრძნობდეს სხვაობას, იმ ყოველდღიური ცხოვრების ხარისხში, რომლითაც ვცხოვრობთ დღეს. ჩვენი დღევანდელობა ცოტა უკეთესი უნდა იყოს ვიდრე იყო გუშინდელი დღე, დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ ჩვენი ხვალინდელი დღე უკეთესი იქნება ვიდრე დღევანდელი. ეს არის ჩვენი ძირითადი მიზანი, ჩვენ ყველანი, ყოველდღიურად უნდა ვხედავდეთ ნაბიჯ-ნაბიჯ პროგრესს, როგორ ხდება ქვეყანა კიდევ უფრო დემოკრატიული, ეკონომიკურად კიდევ უფრო ძლიერი და კიდევ უფრო ევროპული. ეს არის ის, რაზეც ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ და შესაბამისად ამაში უნდა მოგვეხმაროს გოგი მეშველიანი, რომელმაც უნდა გააგონოს საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს თეთრიწყაროელების ხმა. წარმატებას გისურვებთ, გამარჯვებას გისურვებთ და რაც მთავარია გისურვებთ გამარჯვებას სამართლიან ბრძოლაში!“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.