გიორგი გახარია - წუთების რეჟიმში შემიძლია ჩამოვთვალო, რა მოხდა, დარწმუნებული ვარ, ამის დროც მოვა
გიორგი გახარია - წუთების რეჟიმში შემიძლია ჩამოვთვალო, რა მოხდა, დარწმუნებული ვარ, ამის დროც მოვა

პოლიცია თავის თმენის ვალდებულებას უკიდურეს მდგომარეობაშიც იყენებდა, ვიდრე თითოეული პოლიციელის სიცოცხლე არ დადგა საფრთხის ქვეშ, ასევე არ დადგა საფრთხის ქვეშ პარლამენტის შენობა, როგორც ინსტიტუტი, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა.

როგორც შს მინისტრმა განმარტა, ესკალაციის დროს პოლიციის შესაბამის დანაყოფებს ჰქონდათ მიდგომა, რომ ყველანაირი ძალადობის გარეშე, მაქსიმალური დრო გაეძლოთ ამ შემოტევებისთვის. გიორგი გახარია აღნიშნავს, რომ რაღაც მომენტში, ეს გახდა უკვე სახიფათო არა მხოლოდ პოლიციისთვის, არამედ მოქალაქეებისთვისაც და ადგილი ქონდა სამოქალაქო არეულობის ნიშნებსაც.

„რა თქმა უნდა, ჩვენი პრინციპი თავიდანვე იყო მაქსიმალური თმენა. ეს იყო პრინციპი, რომელსაც ვცდილობდით, მივყოლოდით ბოლომდე. მე წუთების რეჟიმში შემიძლია ჩამოვთვალო, რა მოხდა იქ ბოლომდე. მე დარწმუნებული ვარ, ამის დროც მოვა. არ აქვს ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა, ეს იქნება გამოძიების ფარგლებში, თუ პარლამენტის წინაშე, მაგრამ დეტალური ახსნა-განმარტებებისთვის  მზად ვართ და ვიცით, რომ მოგვიწევს.

ჩვენ ვსაუბრობთ უბრალოდ სამოქალაქო არეულობაზე.  არავის ვამართლებ, რა თქმა უნდა, იყო გადაცდომები, რაზეც ჩვენ შესაბამისი რეაგირება გვექნება, მაგრამ ეს არ ყოფილა პოლიციასა და მშვიდობიან აქციას შორის რაღაც ურთიერთობის დარეგულირება. ეს იყო შტურმის მოგერიება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

შს მინისტრის თქმით, უკვე დაწყებულია შესწავლა იმ ცალკეულ ლოკაციებზე მომხდარი ფაქტების, რაც მოხდა 21 ივნისს გამთენიისას.

„მაქსიმალური თმენის ვალდებულება ვერანაირად ვერ ამართლებს პოლიციელის მიერ შემდგომ რაღაცა ემოციურ ფონზე უფლებამოსილების გადამეტებას. ესეც კარგად გვესმის და ისიც კარგად გვესმის, რომ როდესაც ვსაუბრობთ ასეთ განმარტებებში: დევნიდნენ, დილამდე მისდევდნენ, ეს იყო ერთეული შემთხვევები, თითოეულ ეპიზოდზე, დაწყებული იქედან, რა მოხდა ფილარმონიასთან, რა იყო მელიქიშვილზე, რა იყო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან, რა იყო გმირთა მოედანზე, ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ჩვენ შესწავლილი გვაქვს, ვსწავლობთ და  გამოძიების საგანი იქნება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.