გიორგი გახარია - წლის დასაწყისში სამწუხაროდ, გვქონდა გარკვეული გართულებები ზამთრის კურორტებზე, ეს არ უნდა მომხდარიყო
ძალისხმევა, რომელსაც ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს მთავრობა ახორციელებს ქვეყანაში ტურისტების მოზიდვის თვალსაზრისით, არის უაღრესად გასაფრთხილებელი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
გიორგი გახარიამ ბაკურიანსა და გუდაურში წყალმომარაგების კუთხით შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიმდინარე წელის სისტემური პრობლემის აღმოფხვრას დაეთმობა, რათა მომავალ წელს მსგავსი შემთხვევა არ განმეორდეს.
„წლის დასაწყისში სამწუხაროდ, გვქონდა გარკვეული გართულებები ზამთრის კურორტებზე. იყო გარკვეული პრობლემები წყალმომარაგების კუთხით როგორც გუდაურში, ასევე ბაკურიანში. აქ ერთმნიშვნელოვნად უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ ეს პრობლემა უნდა მოგვეგვარებინა. ეს არ უნდა მომხდარიყო.
დღეს ჩვენ ზუსტად ვიცით, გამომწვევი მიზეზები იყო როგორც ობიექტური ძირითადად, ასევე სუბიექტური ფაქტორები, თუმცა ის ძალისხმევა, რომელსაც ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს მთავრობა ახორციელებს ქვეყანაში ტურისტების მოზიდვის თვალსაზრისით, არის უაღრესად გასაფრთხილებელი. სწორედ ამიტომ, გვმართებდა უფრო მეტი პრევენციული მუშაობა. შესაბამისად, დღეს ჩვენ ზუსტად ვიცით გამომწვევი მიზეზები, გვესმის, რომ პრობლემა არის საკმაოდ სისტემური, გვესმის, რომ შესაბამისი დასკვნებია გასაკეთებელი, რომლებიც უკვე გაკეთდა და ჩვენ, მიმდინარე წელი უნდა დავუთმოთ სრულად, რომ მომავალ წელს მსგავსი შემთხვევა არ განმეორდეს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, პრობლემის სრულად აღმოსაფხვრელად შესაბამისი უწყებები აქტიურად მუშაობენ.
„ეს პროცესი როგორც ჩანს გაგრძელდება. ამასთანავე მინდა გითხრათ, რომ დღეის მდგომარეობით, პრობლემა ბოლომდე აღმოფხვრილი, მოგვარებული არ არის, მაგრამ შესაბამისი უწყებები აქტიურად მუშაობენ ამ მიმართულებით და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ პრობლემა უახლოესი პერიოდის, უახლოესი საათების განმავლობაში აუცილებლად მოგვარდება. თუმცა ამ დროისთვის უნდა აღვნიშნოთ, რომ კერძო სექტორსა და სახელმწიფოს შორის ბევრ შემთხვევაში აშკარად გამოჩნდა ურთიერთობის პრობლემა. სამუშაო გვაქვს ერთობლივად და იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს პერიოდში ჩვენ ასეთ მუშაობას დავიწყებთ ღიად, გამჭვირვალედ იმ სასტუმროებთან და იმ კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, რომლებიც წარმოდგენილები არიან მთის კურორტებზე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.