გიორგი გახარია - წინ მძიმე ორი კვირა გველოდება, როცა პოლიტიკოსები ყველაფერზე მიდიან, შეიძლება, ისეთები იკადრონ, რაც ნორმალურ ცხოვრებაში წარმოუდგენლადაც მოგვეჩვენოს
ჩვენ გვჭირდება გამარჯვება 31 ოქტომბერს. დარწმუნებული ვარ, ამ გამარჯვებას მივაღწევთ, მაგრამ აქ ყველაზე მთავარია, ეს მძიმე ორი კვირა, რომელიც ჩვენ ახლა წინ გველოდება, ძალიან ტოქსიკური ორი კვირა, როდესაც პოლიტიკოსები საერთოდ ყველაფერზე მიდიან და შეიძლება ისეთები იკადრონ, რაც ნორმალურ ცხოვრებაში წარმოუდგენლადაც მოგვეჩვენოს, ამ ყველაფერს ჩვენ უნდა დავუპირისპიროთ სიმშვიდე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ლანჩხუთში, ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ვასილ ჩიგოგიძის წარდგენაზე განაცხადა.
როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, ხელისუფლების მთავარი ამოცანაა, შექმნას თანაბარი პირობები ყველასთვის.
„ჩვენი მთავარი მიზანი და ამოცანა გახლავთ, რომ არ უნდა იყოს დიდი სხვაობა იმაში, სად ცხოვრობს ადამიანი, ლანჩხუთში, ოზურგეთში, თბილისსა თუ ბათუმში. ერთი და იგივე, დაახლოებული პირობები უნდა ჰქონდეს ყველას, განსაკუთრებით, ახალგაზრდებს. მათ უნდა შეეძლოთ საკუთარი თავის რეალიზება აქ, თავის კუთხეში, თავის პატარა სამშობლოში, სადაც შეძლებენ საზოგადოებას დაეხმარონ და ქვეყნისთვის იშრომონ, სადაც შეძლებენ ასევე ღირსეულად იშრომონ და ღირსეულად არჩინონ ოჯახები. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, ამიტომ ინფრასტრუქტურიდან დაწყებული, წყალმომარაგებით, წყალარინებით, სკოლებით, ბაღებით, მედიცინით დამთავრებული, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ დიდი სხვაობა არ იყოს თბილისსა და ლანჩხუთს შორის. ეს არის ჩვენი ძირითადი მიზანი. ამ მიზნიდან გამომდინარე გვაქვს გეგმა, რომელიც მთელი ოთხი წლის განმავლობაში დეტალურადაა გაწერილი და ზუსტად ვიცით, სად, რომელ სოფელსა თუ ქალაქში რა უნდა გავაკეთოთ. ინფრასტრუქტურულ პროექტებში, მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, საქართველოში დაიხარჯება მინიმუმ 20 მილიარდი ლარი. ეს ფული მოხმარდება უპირველესად წყალმომარაგებას. გზების შემდეგ, ქვეყანაში ყველაზე დიდი გამოწვევა არის წყალი – როგორც სასმელი, ისე საირიგაციო და სარწყავი წყლები. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, გაზიფიცირება, სკოლების მოწესრიგება, მაგისტრალური და შიდა სასოფლო გზები. ეს ყველაფერი გვაძლევს შესაძლებლობას, რომ ქვეყანამ ელემენტარული, ნორმალური ცხოვრების სტანდარტი დააკმაყოფილოს. გამოწვევები დღეს ძალზე დიდია. ვხედავთ, რომ უჩვეულოა, როდესაც პირბადეებით ვესაუბრებით ერთმანეთს, ეს პირდაპირ უკავშირდება ეკონომიკურ კრიზისსაც. სამწუხაროდ, ბოლო დღეების განმავლობაში, მსოფლიოში ინფიცირების რაოდენობის ანტირეკორდი დამყარდა. ჩვენთანაც ყველანი კარგად ვხედავთ და ვღელავთ, რომ ინფიცირების რაოდენობა გვეზრდება, განსაკუთრებით აჭარაში, თბილისსა და იმერეთში. ეს დიდი გამოწვევაა, თუმცა ამ ბრძოლაშიც ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ. მიუხედავად იმისა, რომ პირველი ტალღის ეტაპზე წარმატებით გავუმკლავდით ამ გამოწვევას, დღეს ახალი გამოწვევებია“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
მისივე თქმით, ქვეყნის წინაშე თითოეულ მოქალაქეს აქვს პასუხისმგებლობა და უნდა გავუფრთხილდეთ როგორც თითოეული ადამიანის ჯანმრთელობას, ასევე თითოეულ სამუშაო ადგილს და ეკონომიკის ხვალინდელ დღეს.
„თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობა არის ჩვენი ქვეყნის წინაშე და აქ უნდა გავუფრთხილდეთ როგორც თითოეული ადამიანის ჯანმრთელობას, ასევე თითოეულ სამუშაო ადგილს და ეკონომიკის ხვალინდელ დღეს. ამ ყველაფრის ერთად გასაკეთებლად, რა თქმა უნდა, ჩვენ გვჭირდება გამარჯვება 31 ოქტომბერს. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამ გამარჯვებას მივაღწევთ, მაგრამ აქ ყველაზე მთავარია, რომ ეს მძიმე ორი კვირა, რომელიც ჩვენ ახლა წინ გველოდება, ძალიან ტოქსიკური ორი კვირა, როდესაც პოლიტიკოსები საერთოდ ყველაფერზე მიდიან და შეიძლება ისეთები იკადრონ, რაც ნორმალურ ცხოვრებაში წარმოუდგენლადაც მოგვეჩვენოს, ამ ყველაფერს უნდა დავუპირისპიროთ სიმშვიდე. ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ სამართლიან ბრძოლაში და ღირსეულად. ღირსება არის ჩვენი ყველაზე დიდი მიღწევა და სამართლიანობა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.