გიორგი გახარია - დაბალანსებული საკრებულოების მიზნით, ვთავაზობთ „ოცნებას“ და „ნაცმოძრაობას“ ღია სამმხრივ მოლაპარაკებებს, მზად ვართ, უპირობოდ დავეთანხმოთ ნებისმიერ შერჩეულ კანდიდატს და მხარი დავუჭიროთ
„ქართული ოცნება“, ისევე როგორც „ნაციონალური მოძრაობა“ გვთავაზობს და ცდილობს, ფარული მოლაპარაკებების ფარგლებში მიაღწიონ ჩვენთან შეთანხმებას, რომ მათთვის მისაღები კანდიდატურებით დაკომპლექტდეს საკრებულო, რაც რა თქმა უნდა, ჩვენთვის არის კატეგორიულად მიუღებელი, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.
გახარიას თქმით, პარტია „საქართველოსთვის“ „ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ ღია სამმხრივ მოლაპარაკებებს სთავაზობს, რომლის მიზანიც იქნება დაბალანსებული საკრებულოების საკადრო შემადგენლობების მიღება.
„ჩვენ ვაღიარებთ, რომ დღეს არის რეალობა 18 წლის განმავლობაში პირველად, როდესაც ვყალიბდებით როგორც ძალა, რომელსაც შეუძლია, დაიწყოს ცვლილებები ქვეყანაში და ეს ცვლილებები მიმართული უნდა იყოს იქით, რომ აღარ მივცეთ არავის შესაძლებლობა ერთპიროვნული მმართველობის ჩამოყალიბების. დღეს პარტია „საქართველოსთვის“ არის წარმოდგენილი, როგორც თბილისის მუნიციპალიტეტში, ასევე საქართველოს მსხვილ ქალაქებში და ბევრგან ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, გადამწყვეტი ხმა გვქონდეს, როგორც საკრებულოს დაკომპლექტებაში, ასევე საკრებულოს თავმჯდომარის არჩევაში. ამ მიზნით, სამწუხაროდ, მინდა გითხრათ, რომ „ოცნება“, ისევე როგორც „ნაციონალური მოძრაობა“ გვთავაზობს და ცდილობს, ფარული მოლაპარაკებების ფარგლებში მიაღწიონ ჩვენთან შეთანხმებას, რომ მათთვის მისაღები კანდიდატურებით დაკომპლექტდეს საკრებულო, რაც რა თქმა უნდა, ჩვენთვის არის კატეგორიულად მიუღებელი. მეორე მხრიდან „ოცნება“ ცდილობს, ჩვენი საკრებულოს წევრებზე ზემოქმედებით სხვადასხვა ბინძური მეთოდებით მათი გადაბირების შედეგი დააყენოს. ეს ქმედებები მიზნად ისახავს, ჩამოყალიბდეს მსხვილ მუნიციპალიტეტებში ერთპარტული საკრებულოები, რაც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია. ეს არის ის დავალება, რაც ჩვენმა ამომრჩეველმა ჩვენ მოგვცა, ვებრძოლოთ ერთპარტიულ და ერთპიროვნულ მმართველობას. მაგრამ მეორეს მხრივ ჩვენ გვესმის, რომ ჩვენი პასუხისმგებლობაა, არ შეიქმნას კრიზისი მუნიციპალიტეტების დონეზე, ქალაქებმა, საკრებულოებმა უნდა იფუნქციონიროს“, – განაცხადა გახარიამ.
გიორგი გახარიას განცხადებით, პარტია „საქართველოსთვის“ ამომრჩევლის ნებას ასრულებს.
„ამიტომ, ჩვენ ვთავაზობთ „ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ ღია ფორმატში, ღია სამმხრივ მოლაპარაკებებს, რომლის მიზანიც იქნება დაბალანსებული საკრებულოების საკადრო შემადგენლობების მიღება. ჩვენ მზად ვართ უპირობოდ დავეთანხმოთ ნებისმიერ მათ მიერ ამ ფორმატში შერჩეულ კანდიდატს და მხარი დავუჭიროთ ასეთ კანდიდატებს ნებისმიერ საკრებულოში, ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი, რამეთუ მივცეთ ორ ძალას შესაძლებლობა, მოილაპარაკონ, ეს არის ის დავალება, რომელიც ჩვენმა მოქალაქეებმა და ამომრჩევლებმა ჩვენ მოგვცეს, ისე რომ საკრებულოები ყველგან იყოს დაბალანსებული და არ იყოს ერთპარტიული საკრებულოები. ჩვენ ამ პროცესში არ გვაქვს არანაირი პრეტენზია, უპირობოდ დავეთანხმებით ამ ფორმატში მათ მიერ შეთანხმებულ ნებისმიერ კანდიდატს. თუ ამ ფორმატში რომელიმე მხარე არ ისურვებს მონაწილეობის მიღებას, ან ამ ფორმატში ვერ იქნება მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილება, ჩვენ, პარტია „საქართველოსთვის“ ვიმოქმედებთ იგივე ჩვენთვის მისაღები პრინციპით ძალთა ბალანსის, რომ არ დავუშვათ არც ერთ მუნიციპალურ დონეზე ძალაუფლების კონცენტრაცია, ერთპარტიული საკრებულოების ფუნქციონირება, ეს არის ჩვენი მიზანი, დავალება ჩვენი ამომრჩევლების და რა თქმა უნდა, ასევე ხაზგასმით მინდა ავღნიშნო, რომ ჩვენ არცერთ მუნიციპალიტეტის დონეზე არ ვაპირებთ კოალიციის შექმნას არც ოცნებისთვის და არც „ნაციონალური მოძრაობისთვის“, – განაცხადა გახარიამ.