გიორგი გახარია - ვირუსთან ადაპტაციისა და მისი მართვის ეტაპი თითოეული ჩვენგანისგან მეტ პასუხისმგებლობას მოითხოვს, ყველამ ვიზრუნოთ ერთმანეთზე და დავიცვათ წესები
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება და ამიტომ, ყველა მოქალაქემ უნდა გამოიჩინოს მეტი პასუხისმგებლობა, შეასრულოს რეკომენდაციები, როგორიცაა პირბადის გამოყენება, სოციალური დისტანცია და ჰიგიენური წესების დაცვა.
„რაც შეეხება ინფექციის შემდგომ განვითარებას, მოგეხსენებათ, გუშინ, ბოლო 24 საათის განმავლობაში მსოფლიოში დამყარდა კიდევ ახალი ანტირეკორდი და 400 000-ზე მეტი ახალი ინფიცირებულია მსოფლიოში, საერთოდ, ინფიცირებულების ჯამმა უკვე 41 მილიონს გადააჭარბა. ევროპის ბევრ ქვეყანაში დამყარდა ანტირეკორდები და საქართველოშიც ინფიცირების მნიშვნელოვანი ზრდა გვაქვს.
ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ადაპტაციისა და მართვის ეტაპი, რომელზეც ჩვენ დღეს ვიმყოფებით, თითოეული ჩვენგანისგან მეტ პასუხისმგებლობას მოითხოვს. მოგეხსენებათ, საყოველთაოდ ცნობილია, რამდენად ეფექტიანია ელემენტარული ნიღბის ტარება. დღესაც გვქონდა ჩვენ საუბარი ეპიდემიოლოგებთან. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი მოქალაქეების 90 პროცენტი ატარებს პირბადეს, ნიღაბს, ინფიცირების გავრცელება 70 პროცენტით მცირდება. ეს არაერთხელ გვითქვამს და გავიმეორებთ, რომ გლობალური პანდემიის წინააღმდეგ ვერავინ უფრო ეფექტური ინსტრუმენტი ვერ გამოიგონა, ვიდრე ნიღაბი, სოციალური დისტანცია და ჰიგიენური წესების დაცვა. ამიტომ, ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ ერთმანეთზე და დავიცვათ წესები, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვირუსის გავრცელების ზრდა იქნება სწრაფი და მეტ ზიანს მიაყენებს, როგორც ჩვენს ეკონომიკას, ისე მოქალაქეებს. ამიტომ უკეთ ვიზრუნოთ ერთმანეთზე, მეტი პასუხისმგებლობა გამოვაჩინოთ, ვიზრუნოთ ჩვენს ხანდაზმულებზე, რადგან ისინი არიან, პირველ რიგში, რისკის ჯგუფში“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.