გიორგი გახარია - ვიქნებით იმდენად მკაცრი, რამდენადაც სამართლიანი
გიორგი გახარია - ვიქნებით იმდენად მკაცრი, რამდენადაც სამართლიანი

ჩვენ ვიქნებით იმდენად მკაცრი, რამდენადაც სამართლიანი, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.

ჟურნალისტების კითხვაზე, საჭიროა თუ არა გამკაცრდეს დანაშაულთან ბრძოლის პოლიტიკა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ გარკვეული მიმართულებით შინაგან საქმეთა სამინსიტროს მკაცრი მიდგომა აქვს, თუმცა რიგი მიმართულებები კომპლექსურია და სხვადასხვა მიდგომას საჭიროებს.

„ჩვენ ვიქნებით იმდენად მკაცრი, რამდენადაც სამართლიანი. ეს არის ჩვენი ძირითადი მიდგომა. სადაც ამის აუცილებლობა არის, ჩვენი მოქალაქეების ინტერესიდან გამომდინარე, შინაგან საქმეთა სამინისტრო და პოლიცია იქნება უაღრესად მკაცრი. ისევე, როგორც გვქონდა ორგანიზებული დანაშაულის ნაწილში, ნარკოდანაშაულის ნაწილში, ქურდული მენტალიტეტით გამოწვეული დანაშაულის ნაწილში, სადაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში კონკრეტული შედეგებიც გვაქვს. ჩვენ არ ვსაუბრობთ მხოლოდ და მხოლოდ გამკაცრებაზე, ჩვენ ვსაუბრობთ ორგანიზებულ დანაშაულთან უმკაცრეს ბრძოლაზე. სწორედ ამიტომ ვამბობთ, რომ ორგანიზებული დანაშაულით მოტივირებული დანაშაულები, როგორიც არის მძიმე დანაშაულები – ყაჩაღობა, მკვლელობა, ნარკოდანაშაული – აქ ერთმნიშვნელოვნად გვექნება კლება, რადგან ჩვენ სრულად ვაკონტროლებთ სიტუაციას. ის დანაშაული, რომელიც არის გამოწვეული ყოფით ნიადაგზე, სპონტანურად ჩადენილი დანაშაული, როგორიც არის მაგალითად წვრილმანი ქურდობა, ოჯახში ძალადობა, როგორიც არის მსუბუქი დაჭრები და ა.შ. აქ არის გასამკაცრებელი, თუმცა ეს ის სფეროა, სადაც ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ მხოლოდ პოლიციის სიმკაცრე საკითხს ვერ გადაწყვეტს, რადგან ეს კომპლექსური პრობლემაა. აქ საჭიროა როგორც სოციალური მიმართულებით, ასევე განათლების მიმართულებით, კულტურული მიმართულებით და სხვა ბევრი მიმართულებით ერთობლივი მუშაობა. ძალიან კარგი მაგალითია არასრულწლოვნების თემა, სადაც ჩვენ ერთმნიშვნელოვნად ვნახეთ, რომ ძალზედ ხარისხიანი პროგრესი გვაქვს კანონმდებლობის ნაწილში, თუმცა აღსრულების ნაწილი გაგვიჭირდა და როგორც შედეგი, მივიღეთ ის, რომ არასრულწლოვნების მიერ ჩადენილი წვრილმანი ქურდობის ნაწილში გვაქვს მნიშვნელოვანი ზრდა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.