გიორგი გახარია - მოქალაქეების წინაშე თავს ვერ გაიმართლებს ის, ვინც გაურკვეველი კრიმინალური ქეისების გამო, საკანონმდებლო ცვლილებებს ხმა არ მისცა
გიორგი გახარია - მოქალაქეების წინაშე თავს ვერ გაიმართლებს ის, ვინც გაურკვეველი კრიმინალური ქეისების გამო, საკანონმდებლო ცვლილებებს ხმა არ მისცა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცებას ეხმაურება და პარლამენტის თითოეულ წევრს ამ შედეგს ულოცავს.

„პირველ რიგში, მინდა, თითოეულ პარლამენტარს მივულოცო ეს შედეგი, ყველას, ვინც ამ საკონსტიტუციო ცვლილებებს ხმა მისცა, ვინც შეძლო ქვეყნის ინტერესები მის პირად, ეგოისტურ ინტერესებსზე მაღლა დაეყენებინა“,- აღნიშნა გიორგი გახარიამ.

პრემიერმა ცვლილებების პოლიტიკურ მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება.

„საკონსტიტუცციო ცვლილებები, რომელიც ჩვენ გვაახლოებს უფრო პროპორციულ და საბოლოო ჯამში, პროპორიციულ საარჩევნო სისტემასთან, ჩემთვის პირადად ნიშნავს რამდენიმე სერიოზულ მიღწევას. პირველ რიგში, ეს არის შეუბრუნებელი პროცესი, რომელზეც ქართული, დამოუკიდებელი საქართველოს პოლიტიკური ელიტა 90-იანი წლებიდან ოცნებობდა და ეს ვერავინ გააკეთა, ეს შეძლო „ქართულმა ოცნებამ“.

რაც არ უნდა რთული ყოფილიყო, სახელისუფლო გუნდმა მოახდინა სრული მობილიზება და გააკეთა ის, რაც უნდა გაეკეთებინა, პირველ რიგში ჩვენი მოქალაქეების და, რა თქმა უნდა, ამ ქვეყნის შემდგომი დემოკრატიზაციის, ჩვვენი ევროატლანტიკური მისწრაფებების შეუქცევადობის გამო. ერთი რამ უნდა ვიცოდეთ, ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს, დღეს ყველამ ერთად დავაფიქსირეთ, რომ საქართველოს შემდგომი დემოკრატიზაცია და მისი ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის შეუქცევადი, ამას მივეცით ჩვენ ახლა ხმა.

ვინც გარკვეული, ვიწროპოლიტიკური, ეგოისტური ინტერესებიდან ამ საკანონმდებლო ცვლილებებს ხმა არ მისცა და ამას ამართლებს რაღაც აბსოლუტურად გაურკვეველი, კრიმინალური, უფრო მეტსაც ვიტყოდი, ქეისებით, ეს თავის გამართლება უბრალოდ არ იმუშავებს თითოეული ჩვენი მოქალაქის წინაშე. კიდევ ერთხელ მინდა, ყველა იმ ადამიანს, არ აქვს არანაირი მნიშვნელობა, რომელ პოლიტიკურ ძალას წარმოადგენენ, ვინც ამ საკონსტიტუციო ცვლილებებს ხმა მისცა, მივულოცო და მადლობა გადავუხადო“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

117 ხმით საქართველოს პარლამენტმა საარჩევნო სისტემის შეცვლის მიზნით მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებები დაამტკიცა. წინააღმდეგ ხმა მისცა სამმა დეპუტატმა – ბიძინა გეგიძემ, კახა ოქრიაშვილმა და ალექსანდრე ერქვანიამ.

კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ევროპულ საქართველოს“.

კონსტიტუციური პროექტის გათვალისწინებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება – პარლამენტში აირჩევა 120 წევრი პროპორციული და 30 წევრი მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით.